ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

196. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა, მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, “დია გვაქვს ციხე ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

197. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, “გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით, “სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, “ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

198. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით, “მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით; “მე უკეთ მოვკლავ, მე გჯობო,” სიტყვანი ვავაქილენით. “ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით.

199. დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: გავაჩინოთ მართალი, ვინ ვჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა, “თვით დანახულსა მოვკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა”.

200. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასვლა ვუბრჰძანეთ, – მით არას მოაზრენია, მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, არცა ზე გარდაგვფრენია.

201. ანაზდათ მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია, ზედა სჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია, თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია, – ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

202. ვუჭვრიტეთ მისთა ელვათა, შუქი ძლივ გავიცადენით; ვთქვით თუ: “მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!” მისი მოგვინდა შეპყრობა, ვკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულ-თქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისაცა დენით.

203. “მე უხუცესმან უმცროსსა კაცი დავთხოვე ქე ნებით; “ჩემმან შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; “ამან მართ ოდეს მორევნა გვთხოვა, ვუვალეთ ჩვენ ნებით; “მივმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

204. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, “იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა, “არ აგვიხსნა, არცა დაგვსხნა, ყოლე არად ამოგვკრიფნა: “მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

205. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; “ხელი მოჰკიდა, “დადეგო!” ესეცა ჰკადრა კიდ ენით; “მან ხმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამათ დავერიდენით “თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

206. “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, “ვითა მკვდარი უსულო ჰქმნა, ვითა მიწა დაამიწა, “მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, “თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი ამაყიწა.

207. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; “აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად; ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

208. აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარედ ყოვნა; კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა, მაშინ მისგან აღარა ჰხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

209. უთხრა თუ:”ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, “მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა; “აწ თქვენგან მივხვდი საქმესა, ყოლა არ საადვილოსა, “ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

210. “ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!” უჩვენა მისი სადგომი: “მოდითო ნება ნებასა, “ჩრდილსა გარდაჰსვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”.

211. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაჰქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა, დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

212. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: “საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! “ჰხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, “არ-სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

213. “რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად. “რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, – “მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად; “ანუ მომკლავს, ანუ მომკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად”.

214. ავთანდილ იტყვის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი, “რაცაღა არის, არა არს, თუცა არ ედგნეს ბუდენი; “სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი, “მუნითგან ვძებნე ღონენი ჩემნი, არ დასამრუდენი”.

215. წინა-უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი; არსადა ხანი არ დაჰყვეს, ერთნი თვალისა წამენი; მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა, მინდორთა მოსალამენი.