ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

265. ფატმან შეწუხდა მათისა ამბისა გაგონებული, ჰკადრა თუ: “მისსა მიჯნურსა გექნები დაწყნარებული, მე თქვენი ჭირი ჭირად მჩანს, ვით გულსა ცეცხლი გზნებული, გავგზავნოთ, ქალსა ვაცნობოთ ამბავი მოსურვებული.”

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანთანა

266. შენ პატრონი არსთა მზე ხარ ქვეყანასა მორეული, ალვის ნორჩი, ცისკრის ვარდი, მუშკ-სურნელი ამბრეული. ბროლ-ბალახში, ძოწ-გიშერი, პირ-გავსილი მთვარეული, ნუ დასჭკნები, მწარედ, მოვა ღმრთის წყალობა ადრეული.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთანა

267. ესე სიტყვა მართალია, არ-ჭრელად და არ-ხვასრულად; ნესტან-დარეჯ ჰქვიან ქალსა ქართულადცა, კვლა სპარსულად; თავშიშველი ყაყაჩოსა ჰგავს, თუ იყოს ვარდი სრულად; ტარიელის გონებითა ალვა მჭკნარად, დანასრულად.”

268. ყმამან უთხრა: “არსთა მზე ხარ ქვეყანასა არეული, მუშკ-ამბარი, ლალ-გიშერი, მარგალიტი თანრეული, იაგუნდი, ცისკრის ვარდი, პირ გავსილი, მთვარეული, მოიცადე წამ ერთ, მოვა ღმრთივ წყალობა ადრეული.”

269. კვლა ფატმან იტყვის: “რაც გწადდეს ჩემზედა ნუ გაქვს რიდია; ეს თავი ჩემი ფერხისა თქვენისა გზა და ხიდია; ოქრო და ლალი აიღე, ორივ სალაროს მკიდია.” ესეცა ბრძანე, ლაშქარი ცოტა გვინდა თუ დიდია.”

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა

270. მოქარავნეთა უბრძანა: “საქმე მიც, გითხარ განაო; კარგად მომიხდა, მოყვსობა მე თქვენი მესვიანაო; რაცა მინდოდა, ყველაი ვქენ, ღმერთმან მაგულვანაო, აწ აღარა მცალს, ბადრაგა სხვა წაიტანეთ თანაო.”

წასვლა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

271. ამა ამბავსა გიამბობ, არს ჩემგან მონასმინები; მასცა მოშორდა საწუთრო, ვის ჰგვანდეს ფერად მინები; კიდე შემოგხსნის ჯინჯილსა, ხელობისათვის ვინ ები, კვლა მასვე გიზამს სოფელი,თუ სჭმუნავ, რაცა ინები.”

272. ტარიელ ეგრე გასულა მზე დასტირს, იტყვის: “ახა ვა! ღმერთო, ნუ მოჰკლავ ჯერ ჟამად! თქვა: ბრალ არს დასამარხავა.” ნუ გვწვავ ცეცხლითა ცხელითა, ნუ გაგვხდი სხვატა მზრახავა,” სოფელო, მოგვეც სიახლე, ვისთვის გვაქვს გული მჭმახავი.”

273. მიკვირს, თუ რად ნამუსად გიჩს, ცრემლნი მიდგიან მორევად; მზე პატიმრად გყავს, სოფელილ იჭირვის ჩვენდა მორევად; ფრიდონ მოვიხმოთ ლომ-გულო, ძმად-ფიცი ჩვენდა სწორევად, მან მოგაშველოს ლაშქარი მათ გრძნეულთათვის მორევად.”

274. ტარიელ, მითხარ სიმღერა, მო ხმითა მოგვრინავითა, ამ ჩემს ასულსა ზღვას შევრთავ, მზესა შინ მოგვრი ნავითა. სულ ქაჯთა პირქვე დავამხობ გველებრივ მოგვრინავითა, თუ ჩემი მოსვლა გრძნებისა მოვალ და მოგვრი ნავითა

ტარიელისა და ავთანდილის წასვლა ფრიდონისასა

275. კვლავ ფრიდონ ჰკადრა: “რაც გინდეს ჩემგან თქვენ ნუ გაქვთ რიდია ეს თავი ჩემი თქვენისა ფერხისა გზა და ხიდია; თვალ-მარგალიტი აიღეთ, ორნივ სალაროს მიდია; ესეცა ბრძანეთ, ლაშქარი მცირე გვინდა თუ დიდია?

276. ყოვლგნით მრგვალი, შეუვალი, არსით იყო ყოლა პირი; სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცვიდა მოყმე გმირი; შუა ციხე ამართული, კლდე კეკლუცი, არ დუხჭირი, გვირაბითა შესავალი ახვრეტილი, ვითა სტვირი.

თათბირი ტარიელისა

277. ვინცა შეესწრას, ჰფარავსმცა მას ღმრთისა საფარველია! კარნი დალეწნეს, დახოცნეს ყოველი კართა მცველია; სამთავე იქით მივმართოთ, მაშინ აღარა ძნელია, ძლევა მან მოგვცეს, რომელი სათქმლადცა საზარელია.

278. ქაჯეთს მოუხდეს საომრად იგ სამნი გმირნი ლომები; კაცსა უნახავს, ეგზომნი მათ ქონდა ბრძოლა-ომები? კარნი დალეწეს, დახოცეს, გავს, იყვნეს დაუშრომები. ტარიელ გავა, სად იყო იგ მაღლა ასაძრომები!