ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

248. გამოესალამნეს, აკოცეს, ორთავე ცრემლი სდიოდა; ყმამან გაქუსლა, მართ ოდენ საქმესა ისწრაფიოდა; ფრიდონ სიცოცხლეს იგმობდა, სიკვდილსა არად ჩიოდა, ტარიელ-ავთანდილისა გაყრისა გული სტკიოდა.

წიგნი ავთანდილისა ფატმანთანა

249. უყურეთ ბოზსა დიაცსა და ეშმაკისა ბადესა; აქ ჭაშნაგირი უბრალოდ მოკლა, ლახვარსა აგესა; დაჰკარგეს სულით და ხორცით, ზღვაშიგან გარდააგდესა, თითი მოჰკვეთეს ბეჭდითურთ, იგ დანა არ ჩააგესა.

250. ესე ფატმან მოისმინა, გაუკვირდა მეტად დია, ფეხთა კოცნად ეხვეოდა, პირსა ტკბილად შემხედია, “განაღამცა გამისრულე, ლომო რაცა მიქადია, აწ მექადდეს იგი მოყმე, მკვდარი ზღვისკენ გაგიგდია.”

251. ჩვენთვის მოიღე ანაზდად წყალობა ზეცით, ღმრთულები, ერთობით გვიხსენ სიკვდილსა, ახლად მოგვიდგი სულები; მე მიკვირს ეგრე სიკეთე, რაზომცა ვიგულგულები, აწ წვრილად გკადრო ყველაი მე იმა ყმასთან თქმულები.”

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა

252. უსენ წასულა ქალაქად თვალ-მარგალიტის მნახველად; ვაჭარი ვინმე ენახა, მოვიდა მისად მსახველად; მას ეუბნების: “რა გაქო? – თვალი აქვს არად მფახველად; მან ვერ სცნა ესე ამბავი, ფატმან მივიდა რა ველად.

253. ავთანდილ გული შეეძრა ამა სიტყვათა სმენითა, ენიშნა ფერი რიდისა ტარიელისგან თქმენითა; მაგრამ იხმარა სიწყნარე, იგი დიდითა თმენითა, სხვა არა უთხრა, ასტირდა ცრემლითა ტბა დასადმგმენითა

254. კვლავცა დავვედრე სიფრთხილე, ქაჯნია იგი გრძნეულნი; არ მოიშორვოთ გულითა სწავლანი აწ ჩემეულნი; ზღვათაკენ გზანი მოსტაცეთ, მუნ არ შეცურდეს წყეულნი. ადრე მოგელი, მოჰფინოთ ჩემთვის სინათლე მზეულნი.”

255. წაართვეს ნასტან-დარეჯან, აქამდის ზღვაში ტყვედ არი; ქაჯნი ახოცნეს, ზღვას მისცეს არ იყო მათთვის ცხედარი; ფატმან რა ნახა, ჩაგზავნა იგ ორნი ვინმე მხნედ არი; მოეგება და ეხვევის, ვინ ნახოს ეგრე მზე-დარი.

256. ფატმან რა ნახა ავთანდილ ტირილით შემჭიდრებული, გულს ეტყვის: “ეს არის მის მზისა ძებნად რებული ნეტამც, ვითმც ვიყო სამისოდ თავის თავ დამტერებული! ეს მას წაუდგეს, მე დავრჩე უმისოდ გამწარებული.”

257. ჰკითხავს: “გინახავს იგი მზე, ანუ გაქვს მეცნიერობა? შენ ეგრე შეგჭირს, გეტყობის, გწადს მისთა მტერთა მტერობა” ავთანდილ უთხრა: “შენ სრულმენ ჯერ ეგე სიტყვიერობა, მერმე შენცა ჰქენ ჩვენისა თქმულისა დანაჯერობა.”

258. […………………….......................................................] [................] წამოჭრილი[.........................................] [..............]მას გვერდით ცხენი უბია ცი[...........]ნი, კაცი ლაშქართა უმაღლე, ტახტი უდგს პატიოსანი.

ამბავი ნესტან დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთან

259. ფატმან უთხრა: “არ ვიცოდი პირველ შენი ცეცხლთა დება, მაგრამ ავად არ მოგიხდა ჩემი ხელის შემოდება; ჩვენ მზე ვჰპოვეთ დაკარგული, მაზედ ვკქენით ვალის-დება, ღმერთმან ადრე მას შეგყაროს, ვისგანაც გაქვს გულის დება.”

260. ავთანდილ თავი დადრიკა სიცილით მოლიზღარემა, ფატმან ჰრქვა: ჩემთვის დაგბადა ტურფამან არე-მარემა, შენგან გამოჩნდა ნათელი, შუქნი მოჰფინა მთვარემა, ესე ყველაი უსტარმან ქნა ჩემმა შესაწყნარემა.”

261. ვითაც დაედვა იმედი თინათინს მზისა დაროსა, ებრძანა: “შუქი მთვარემან სამ წლამდი სხვაგან აროსა, მისნი ვერ-მჭვრეტნი ყვავილნი დააზროს, დაამჭნაროსა, მერმე მოვიდეს მნათობი, მნათობსა შეეყაროსა.”

262. უამბო ყველა არაბთა, სიდიდე როსტევანისა, მეფობა თინათინისა, მზეებრ შუქ-მონავანისა, მართ მიჯნურობა თავისა და ჭირნი ცეცხლთა წვანისა, ან ძებნა ტარიელისა და პოვნა გმირთა გვანისა.

263. იმა პირ-მზისა სახელი ნესტან-დარეჯან ხმობილი, ინდოთ მეფისა ასული, ქალი წყნარი და ლმობილი; ტარიელ მისთვის ხელ-ქმნილი, თვალთა ცრემლ-გაუხმობილი. “მე ძმა ვარ მისი, დღეთაგან შენცა იქნები დობილი.”

264. ქალსა შენ აქებ, გინახავ და მეტად მოგწონებია, ტარიელ სარო, პირად მზე, ვინც მოუთვალოს ზნებია! იცოდე მასთან სხვა კაცი არსად არ სახსენებია. ვეჭვ, რომე ვარგოთ მე და შენ, თუ ღმრთისა ძალთა ნებია.”