ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

120. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მართ პერანგი჻ იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი჻ შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი჻ მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი჻

121. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა჻ ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა჻ უხარის ნახვა ვარდისა არ ერდგან შეუყრელისა჻ ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა჻

122. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა჻ მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა჻ იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად შვენოდა჻ მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა჻

123. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი჻ ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი჻ შვენოდა შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი჻ მას ბროლსა ჴელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ უხშირონი჻

124. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა჻ ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა჻ მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა჻ პირის პირ პირსა უჭურეტდა სავსე ლხინითა დიდითა჻

125. ქალმა უბრძანა ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა჻ მწადდა არა თქმა რომლისა ღონე არა მაქუს თმობისა჻ მაგრა იციცა მიზეზი შენისა აქა ჴმობისა჻ რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიჴდილი ცნობისა჻

126. ყმამან კადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქნების჻ მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების჻ აზრად არათ აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების჻ თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკვირვების჻

127. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად჻ ეტყვის თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად჻ მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვირად჻ მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად჻

128. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მჴეცნი დაგეხოცა჻ ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა჻ მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა჻ შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლაჴოცა჻

129. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია჻ მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყუია჻ ვიცი რომე გაუწყუეტლად თვალთა ღაწვი გისეტყუია჻ შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია჻

130. ქალმან უთხრა რადცა მინდი არ ეგების არა მბობა჻ პირველ დაგდებ სამსახურსა გაგიჩნდების ჯომარდობა჻ ნამუსი და ჭკუის ხლათვა ვნახო შენი ნაზარდობა჻ შემობრუნდე ედემს მსგავსად აგიყვავდეს შენ ვარდობა჻

131. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად჻ პირველ ყმა ხარ ჴორციელი არვინა გვყავს შენად სწორად჻ მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად჻ წადი იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად჻

132. იგი კაცი შვენიერი ჴმელთა იყოს გნუკევ პოვნად჻ კიდით კიდე მოიარე ამაყურად შეუპოვნად჻ მზისა შუქი მოგეფინოს ვერ ვინ ჴელყოს დასათოვნად ჻ სცან მის ყმისა ყოფა სადმე ფიცხლად მოდი დაუყოვნად჻

133. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე჻ რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე჻ გულსა გარე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე჻ მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე჻

134. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი჻ პოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი჻ ვერა პოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი჻ კოკობი და დაუმჭკნარი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი჻

135. ფიცით გითხრობ შენდა კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი჻ მზეცა მამხვდეს ჴორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი჻ სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი჻ შენი მკლვიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი჻

136. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე჻ სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე჻ მე სიკუდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე჻ ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე჻

137. კვლავცა კადრა აჰა მზეო რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა჻ მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა჻ მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მედიადა჻ ვარდი ჩემი არ დაჭკნების შუქი შენი იეფად ა჻

138. თავი ჩემი სამსახურად შენად რადმცა შევიწყალე჻ არასათვის არ დავდგები უსაცილოდ წავალ ხვალე჻ გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე გავალალე჻ [....................................................................................]

139. [..............] შეფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი჻ გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი჻ გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი჻ თეთრთა კბილთათ გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი჻