... (A-656), XIX ს.

216. დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს ძირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდრონი თვალუწდომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

217. მან ყმამან ქვაბსა მიმართა გავლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლ მინადენია

218. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

219. ყმამან უთხრა დაო ასმათ ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისნიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსწვივდეს ქალი შებნდა მოეხვია ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს

220. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოსთქმიდიან ხმას სცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა

221. სული დაიღო მან ქალმან დათმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოხადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახდა გამოსრულობა

222. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმედდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

223. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არას ეჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი კულავ უფრორე დაიღრეჯდა

224. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერგამო ნუთუ მზეაო თქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

225. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შანბი შევლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

226. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვაჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა ვუთხრა ყველაი მართალი გავაბრჭობინო მას ყმასა ხრმალი არა ვკრა არც მისი დავასობინო

227. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი დახვდა კარგანხმული მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლ ბაკმული

228. ვერ იცნა სახე არ გვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

229. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუმცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

230. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფერო ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტანსარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ყივი აგრე ხმიანი

231. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თურო შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცთები ნუ ელი მაგა ამბისა ცნობასა

232. კვლავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მენუკევ მე რასა მაგა საქმესა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ იტყვი მითხარო მე ასჯერ გითხრობ ვერასა ვითა სიცილი ტირილსა მიჯობს ვაგლახი მღერასა

233. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მომითმენიან ოდიდგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიამბე ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

234. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების თრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდა იგი ქმენო

235. კვლავცა კითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმათა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა