... (A-656), XIX ს.

118. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მუშაითი უხმეს ჰპოვეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

119. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მართ პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

120. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის შეყრა ვარდისა არ ერთგან შეუყრელისა მოვა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

121. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა ჰარვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაფენოდა

122. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

123. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირისპირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

124. ყმამან კადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკურნების

125. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვად არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

126. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხო ცა შენ გენუკევ მონახვასა კიდით კიდე მოლახო ცა

127. აქანამდის ნაუბნარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვედლად თვალთა ღაწვი გისეტყვია შეუპყრი ხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

128. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად პირველ ყმა ხარ ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად წა და იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

129. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

130. სამსა სძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა პოვებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი

131. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მომხვდეს ხორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლევიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

132. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად განაღამცა წავე წა მე

133. კვლავცა ჰკადრა აჰა მზეო ღმერთმან რადგან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დასჭნების შუქი შენი იეფადა

134. კვლავ შეჰფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გაახლდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვახშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთა გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი

135. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასად აგეს ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ა სად აგეს ცეცხლთა შენგან მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

136. ყმა წავიდა სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

137. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულ ვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქმნა ვერჭვრეტა რა მომხვდეს კვლავ უგრძესადრე ხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე