... (A-656), XIX ს.

138. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების რა მილულნის სიახლევე [.................] ეოცების შეჰკრთის დიდნი დაიზახნის მით პატიჟი ეოცების

139. მოშორვება საყვარლისა მას შექმნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

140. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია

141. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილქმნილთა გავახარო ურჩი ყოვლი ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედას ზედა არ სალამი დავაძვირო

142. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა ებრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა აწ მაგრა მომხვდეს რაღა ვქმნა თუ სიშორისა გრძელობა

143. ყმა შევიდა თაყვანის სცა მადლი რამე მოახსენა ხელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კულავ სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კულავ მიჩვენა

144. მეფე ყელსა მოეკიდა გარდაკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ლბილი

145. გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამეცა დღეს ზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდების თინათინ მისი მას ვისგან სწვავ ალი

146. რა მოვიდა სიხარული შიგან გახდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა

147. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარე კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე ამოსა სანადიროსა გამზრდელი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

148. ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელ დებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავდადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

149. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან მაგრამ არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჟნი აწ მასვე მოულხენიან

150. მიბრძანა მიცან ანბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენოდ მომხვდეს ხისაცა რგულისა მომცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

151. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად ხამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს მიუხდეს მამაცურად

152. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონყმათასა ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად ჩემთა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა

153. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი პატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ანბავსა მათსა სცნობდი წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი აქა სადმე არყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

154. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქათ სამ წელ მომიცადე ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე მიტირე და მივაგლახე

155. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია იცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთრვალია მიხვდათქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია

156. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდე ზედასზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონენ გული შენი მოიმდედრე

157. რა შერმადინ მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთა ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოღვარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგრა გიშლი ამად არა