... (A-656), XIX ს.

196. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა მათ უთხრეს მათი ანბავი ტირილით მოუბნარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქვს ციხე ქალაქი ხატაეთს არემარეთა

197. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა თვესა ერთსა არ წავედით ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით

198. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენ თანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდევ დავეცილენით მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

199. დღეს ავყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვთქვით გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახლნეთ მარტონი დავდგეთ მართ ოდენ თავითა თვით დანახულსა მოვკლვიდეთ ნუ ვესრვით დამნახავითა

200. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასვლა ვუბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცი მფრინველი რაცა ზე გარდაგვფრენია

201. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირგამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავია ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია

202. ვუჭვრიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა ვკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისაცა დენით

203. მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა უალეთ ჩვენ ნებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

204. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხუნა არცა დაგვსხნა ყოლა არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა

205. უნცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით ხელი მოჰკიდა დადეგო ესეცა კადრა კიდ ენით მან ხრმალსა ხელი არ მიყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით

206. ვით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა მოამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

207. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

208. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არდათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

209. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა

210. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო ნებანებასა ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი მიეცით მოსვენებასა

211. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

212. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

213. რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მომკლავს ანუ მოვკლავ დაიმალვის მეტისმეტად

214. ავთანდილ იტყვის ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნაღა ვსძებნნე ღონენი ჩემნი არდასამრუდენი

215. წინაუკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ საჭამადთა მჭამენი არსადა ხანი არ დაჰყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი