ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

98. მეფე გაწყრა გაგულისდა, მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის, არ უჭურიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა

99. შესხდეს მეფე და ავთანდილ, მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი, მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუგავს მერანსა, მიეფინების მზე ველად შეიგნა მისვლა მეფისა, მისად უკანა მდეველად

100. რა ცნა მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრაჴი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩუენსა ჰგვანდა ქუესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს, კვალსა მისგან წანარბენსა

101. კუალი ძებნეს და უკვირდათ, ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კუალწმიდად წახდომა, კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკვდართა ტიროდეს, სწრაფა აქუთ წყლულთა ხევისა მეფემან ბრძანა ვნახეო, მიზეზი ლხინთა ლევისა

102. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა, აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა, სიმწარითა დანაღულება სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუც განკურნება მასვე ვმადლი ესე იყო, წადილი და მისი ნება

103. ესე თქუა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა ზოგთა სთქვეს თუ მართალია, ზოგი ღმერთო უზრახვიდა

104. მეფე საწოლს შემოვიდა, სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდევ არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყუელაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

105. თინათინს ესმა მამისა, ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა, ძილია თუ უძილობა მან მოახსენა დაღრეჯით, ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა

106. ერთია ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყოთქო, აქა ერთისა წამითა

107. ხანი გამოხდა იკითხა, ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა, აწყაღა ფერნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა, წინაშე მომავალიო

108. უბრძანა თუ წადი უხმე, უმისობა ვით გავსძლეო მოახსენე რად დაბრუნდი, შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო

109. თინათინ ადგა მივიდა, მიჰყუა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე, მთუარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნებანებასა უბრძანა მოხვალ რად არა, რად მელი მოყვანებასა

110. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი, მნათობთაცა დაამჴობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

111. უბრძანა შვილო რაზომცა, მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭურეტა და სიახლე, ლხინადვე დამისახია მამქარვებილი სევდისა, მართ ვითა მუფარახია ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია

112. უცხოსა და საკვირველსა, ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა, სამყარო და ჴმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდით, ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი წავეკიდე

113. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიჴოცნა შესაპყრობლად შეუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა ჯერეც ესე არა ვიცი, ცხადი იყო თუ მეოცნა

114. ტკბილნი მისნი წყალობანი, ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდეს რაცა დღენი, მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს

115. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ, მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი, ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა, ყოველთათვის ტკბილად მჴედსა ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსა

116. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქუენი საზღვარი, ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგნით, მისთა ანბავთა მცნობელი ადრე სცნობ არის იგი ყმა, შობილი თუ უშობელი

117. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს, ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა, თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა, ვერ მისწუდეთ ვერ მიხვიდეთა