ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

79. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღ~თი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა, გავსო ალვას ედემს ის ხეს

80. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის, და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშურალნი ორნივე, მოსწყდეს რაზომცა მჴნენია

81. ერთმანერთსა თუ მე გჯობო, სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს უბრძანა თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

82. მონათა ჰკადრეს მართალსა, გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყუით, შენსა მაგისა დარებით აწვეცა დაგვხოცთ ვერა ჰგავ, ვერათ ვერ მოგეჴმარებით მისგან ნაკრავნი გვინახავნ, მხეცნი ვერ წაღმა წარებით

83. ორთავე ერთგან მოკლული, ყველაი ათჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა, უფროსი დაუჴოცია არ დასცდენია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა, დასვრილი გაგუიხოცია

84. მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე, მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა, გულით ამოსლვა დარდისა

85. იგი ორნივე საგრილად, გარდაჴდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა, მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უდგს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს, წყალსა და პირსა ტყეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხვის ტყაოსნისა

86. ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა, ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი, ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლთათ ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა

87. მას ტანსა კაბა ემოსა, გარეთმა ვეფჴის ტყავისა ვეფხვის ტყავისა ქუდივე, იყო სარქმელი თავისა ჴელთა ნაჭედი მათრაჴი, ჰქონდა უსხოსი მკლავისა ნახეს და ნახუა მოუნდა, უცხოსა სანახავისა

88. მეფემან ბრძანა ვინ არის, უცხო პირად და ტანადო უბრძანა ერთსა მონასა, წადი ფიცხლად და ჯანადო გიბრძანებს უთხარ ვერ გიცნობ, ჩემთა ლაშქართა თანადო ვინცა ხარ მოდი წინაშე, შენ ჩვენგან მონაყუანადო

89. მივიდა მონა საუბრად, მის ყმისა გულმდუღარისად თავჩამოგდებით მტირლისა, არ მჭურეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად ახლოს მივიდა მოსცილდა, სიტყვისა თქმად აღარისად

90. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს განკვირვებით, თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო, ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი ტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა

91. მის მონისა არა ესმა, სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ზახილისა, იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკუნოდა, გული ცეცხლთა ნადებარი ცეცხლსა სისხლი ერეოდა, გაზდის ვითა ნაგუბარი

92. სხვაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება, ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩნა ბაგენი, თავი ვარდისა კონამან

93. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა როსტანს ჰკადრა შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი, მით დავჰყოვნე ხანი მუნ და

94. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა, გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ჴელთა აიღეთ, აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე

95. მონანი მიდგეს მივიდეს, გაჰჴდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულმდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვაი მეო, სხუად არას მოუბარია

96. თვალთა ჴელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ჴმალ კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა, საუბარნი რად იყურნა სხვასა მხარეს გაემართა, მათი ჭირი არ განჰკურნა

97. მონათა ჴელი გამართეს, მის ყმისა შესაპყრობელად მან იგინი გლახ დაჴოცნა, თავსა ჴელაუპყრობელად ჰკრნა ერთმანერთსა დაჴოცნა, მტერთაცა საწყალობელად ზოგსა გადაჰკრის მათრაჴი, მკერდამდის გასაპობელად