ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

2183. ვაზირი კადრებს: “ მეფეო, თქუენ უმართლე ხართ მას დია, მაგრა ყავს ტყვედ დარჩენილი, ვინცა მესისხლე ცხადია; არ გაგიშუებენ ცოცხალსა, უფიცავს მას მაჰმადია, თუ გარდაუშუებ, გამართლებს, ვინ ღმერთისა დანაბადია.“

2184. მეფემან ბრძანა:” ადვილად ნუ მეუბნები, ვაზირო, თუ დავივიწყო ძე ჩემი, მმართებს რომ გული ვატირო, ანუ გავიჭრა მონდორად და თავი გავინადირო, მიჯობს, რომ მოვკუდე და ჩემი დარჩომა არ დავაპირო.“

2185. ვაზირმან კადრა: “ მეფეო, ისმინე სიტყუა ასები; აქამდი ჩემი კადრება არ გაგეგონა ნასები; ტარიელს თქუენთა სისხლთაგან სწადს სავსე შესუას თასები, თქუენად საკლავად მოუსხამს უცხო სპა ბევრ ათასები.“

2186. სისხლი გაუშვა ხუარაზმშა, მტკიცე ქნეს მოზავებული; შეფიცეს ყოვლი სიმტკიცე წინასწარ მოსწავებული; კარგ ვაზირობით არა ჩანს თარასგან დაშავებული; ხუარაზმშა დადგა, წავიდა ტარიელ გამარჯუებული.

2187. მივა ტარიელ მოყუსითა ფრიდონ და ავთანდილითა, გამარჯუებული ნადირობს საბინდოთა და დილითა; იტყუის, თუ : ვერ გარდავიჴდი მე ვალსა თქუენ დილითა, თქუენ დამარჩინეთ, თუ არ მკუდრად ვიწევ ხუარაზმშას ჩრდილითა.“

2188. წამოვიდეს მხიარულნი ნადირობით, თამაშობით. მტერთა ზედა მოქცეოდეს, მათგან იყუნეს უშიშრობით, მათ მოემწყო ხუარაზმელი, არ დაეგდო შამუშობით. ერთმანერთსა აქებდიან მხიარულნი, არ ქუშობით.

2189. მოვიდეს მოქალაქენი, გამოეგებნეს ზარითა; მუტრიბთა ჴმანი ისმოდეს ბარბითთა შენაზარითა; ნესტან დარეჯან დაშუენდა ელვითა მით მწყაზარითა, მას სიხარულსა ვერ დავწერ ჴელითა, ვერცა აზრითა.

2190. რად ვაგრძელებდე, მუნ დაყუნა მრავალნი დღენი ამონი, მერმე გაუშუნა სავსენი მნათობნი დაუღამონი; წავლენ ფრიდონ და ავთანდილ ტკბილნი, გამომსალამონი, დადგა ტარიელ, თუც ცრემლი სდის ჴმელთა დასალამონი.

2191. აავსნა მისაცემლითა ოქსინოთა და შარდითა, სტავრითა, საკრამანგითა, მძიმითა სადუქარდითა; წავლენ ფრიდონ და ავთანდილ პირითა მინა ვარდითა, გავლენ ზღუასა და მიდიან საროთა განაზარდითა.

2192. მივიდეს, მათი ქვეყანა, მათ დახუდა ამოდ ნებითა; მოეგებნიან, სძღნობდიან წესითა და რიგებითა; თინათინს პირსა სინათლე ემატა დაშუენებთა; მულღაზანზარი შეიქნა მეტითა აშენებითა.

2193. ეს ამბავი დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად, აგრევ თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად; მე ვნახე და მას უჩვენე, ვინ ჩანს გმირთა რაზმთა მწყობლად მან მიბრძანა: “ლექსად თქუიო, მჭევრ ქართულად, დაუშრობლად.“

2194. ერთმანერთისა მეშუელთა მებრძოლი იმაჯანიან; ორთავე მტერი მოყუარედ მათ წინა მოიყუანიან; მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები უაკუანიან, ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულთა აგულვანიან;

2195. ყოვლთა სწორად წყალობათა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ ქურივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმელნი დააშინნეს, კრავნი ცხუართა ვერა სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

2196. დავითის ქართველთ მეფისა, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწუელად, ერთგულთა დამამაგრებლად.

2197. მე ვთქუი ქება თამარისა და ჴმელთა შინა მნათისა ვთქუი მათი ქება, მიზეზად მქონდა ქებისა მათისა. რომანულისა თუალისა მის ბრილისა და სათისა, მემცა ვით მექო, ვერ აქებს, ბრძენნი თუ შეკრბენ ათისა.

2198. ხანი გარდაჴდა, მოვიდა დღე აღსასრული მეფისა; დაწვა ლოგინად, დავარდა, მას მაჯა აღარ ჩქეფისა; თქუა: “ ჩემი ასრე დაცემა, ვიცი ამ სოფელს ეფისა, აწვე სარიდან მამგუარეთ, ანდერძი ვკადრო კრეფისა.

აქა პირველი ანდერძი ტარიელისაგან თავის შვილს თანა

2199. ღმერთს ერთ ქალ ყმანი მიეცა, ოთხმოცდაათ წელ ხანია; შვილი კარგა სჯობს მამასა, ერქუა მას სარიდანია, ქუეყანა იმას ეხუევის, სრულთა ინდოთა სპანია. მისთუისა უნდა სამეფო, პირველად მის მაქანია.

2200. შუიდთა სამეფო თავადნი ტარიას შემოყრიაო, სარიდან შიგნით შევიდა, მამასა გარდეხვიაო, უთხრა,თუ: “ შვილო, ნუ სტირი, სოფელს ეს დაუდვიაო, ძველნი წავლენ და ახალნი ამოვა ნაზარდიაო.“

2201. სოფელი არვის დაინდობს,არც დიდსა, არცა მცირებსა, ვისაც რომ კარგი უნახავს, ბოლო ჟამ აატირებსა; მახე დაუდგამს ყუევლთათუის, ნახეთ თუ რას აპირებსა, ჩავარდენის და დაამსხურევს რკინასა, ქუა ქუიტკირებსა.