ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

156. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად; მან, იგინი გლახ დახადნა მტერთაცა საწყალობელად; ჰკრნა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ–აუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.

157. მეფეს უანბეს, რაც იქნა საქმე თავს- დანატკაცისა, ეგრე უწყალოდ დახოცა ერთობ მის თორმეტ კაცისა; შორით ისმოდა ყოველგნით მისის მათრახის ტკაცისა, ვნახეთ მრავალი უწყალოდ მიწათა დანატკაცისა.

158. შეუპყრივარ კაეშანსა, რადღა გამხსნი მისგან კრულსა?– ესე მონა დაგვიხოცე, მოგაბარებ ამათს სულსა, სრულად სპანი მომიზახნე, ვერა მნახავ დაჭირულსა; მიჯნური ვარ, გამირისხდი, მე გატკივებ ამით გულსა.“

159. მეფე გაწყრა, გაგულისდა, მონანიცა შეუზახნა, მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა, არცა ნახნა; რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა, კაცნი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.

160. ,, ვისთვის ხელი გამოჭრილვარ, მასვე მზესა თაყვანის - ვსცე; რამ დამბადა, მუნით ვეძებ, სად მისწვთების მისი სივრცე; ჩემი მდევნი ნიანგნიცა იყოს, იგიც ჭირსა მივსცე, სხვამან ფიფქმან ვერ დამაზროს, მის მზისა მზე დავიფიცე.“

161. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად; იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად; ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად; შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

162. მეფე შეჯდა, გაეკიდა, – რა კაცია, სადაური, – მან ცნა, ფიცხლად გარდაეგო, მეფეაო აქა მდგური; ვერ შეიპყრობთ, მიჯნურია, კაეშანთა ატვირთური, ეძებს რასმე, იარების, მაშრიყს მივა მაღრიბური.

163. რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა, - არ უნახავს თვალსა ჩვენსა; - ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა. ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

164. ვერ შეიპყრეს, შემობრუნდეს, არ მიეცნეს სიამესა; აგრე მისსა გაფრენასა ყოვლნი არსნი გაჰკვირდესა; მეფე წყრების, არ მიუშვებს კაცსა მისსა სიახლესა; ,, იგი ლხინი გაგვემწარნეს, შეჭირვება მოგვცა დღესა.“

165. კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა. მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

166. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება, სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება; მასვე მადლი, ესე იყო წადილი და მისი ნება”.

167. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა; არცა ჰკრაღა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა; ზოგთა თქვეს თუ: “მართალია”, ზოგი “ღმერთო!” უზრახვიდა.

168. შინა მოვიდა ხელმწიფე, პირი შუქ- ფერმიხდილითა, კარზედა მდეგნი უღონოდ დახდეს შიშისა ზარითა; სახლი დაუხვდეს მოცული ოქრო-სკამ- დანადგამითა. ,, მარტო ავთანდილ მიხმეთო“ -ბრძანა სიტყვითა წყნარითა.

169. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდევ არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ - დაჯრილი. გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

170. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა; ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა; მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ უძილობა?” მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.

171. “ერთია ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა”. თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა, მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა”.

172. ავთანდილცა შეუზარდა და თხრობასა დაუპირდა; ,, ნუ იჭირვით“, მოახსენა; ხელმწიფესა გაუკვირდა. ,,მუხთალია ეს სოფელი, შურს და ლხინი დაგვიძვირდა.“ მისსა მზესა შეუთვალა, ხელმწიფესა რაცა სჭირდა.

173. ხანი გამოჰხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწყაღა ფერ-ნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

174. უბრძანა თუ: “წადი, უხმე, უმისობა ვით გავძლეო! მოახსენე, რად დაბრუნდი, შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო”.

175. თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა; უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა; მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა. უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”