ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

117. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

118. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა”. დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

119. როსტან უბრძანა მომხრეთა, თვითან აქავე დგებოდა; მუნთ ფიცხლადვე წავიდეთ, ურჩობა არ ეგებოდა; მოვიდა ჯოგი, ისრისა სხვათ ტყორცნა ვერ ერგებოდა, მათ პატრონ- ყმისა ნასროლსა უცთურად დაეგებოდა.

120. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუცთომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლდომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

121. მას პატრონ - ყმანი გაუხდეს, საჭვრეტლად უნდა გორიო; მას დღესა მოკლა ავთანდილ, დავსთვალეთ ას და ორიო; ისრითა ეტლსა დააბამს, არ უჩანს მისი სწორიო, ვისმცა დასცდების ლახვარი, ახლოს არს თუნდა შორიო?

122. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს: მიხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს; რა ისარი დაელივის, მონანიყე მოართმიდეს, მხეცნი, მათგან დაკოდილნი, ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს.

123. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს; ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემს ის ხეს”,

124. დაუწყეს პყრობა ნადირთა, სროლა არ დავიწყებოდა; დახოცილითა მათითა ქვეყანა აივსებოდა; მათ მკვდართა სისხლნი დინდიან, კლდე და ღრე იწებებოდა, მათთა მნახავთა კვლა ნახვა მათივე ენატრებოდა.

125. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია; ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია, იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

126. რა მოირივნა დღემ ღამეს და გუმბადსა მზე მოვიდა, დახოცილთა სისხლნი სდინან, ქვეყანასა შეღებვიდა. თქვეს,- ავთანდილ აჯობაო -მისად ჭვრეტად ჯარი ვიდა, ყოვლგნით ალყა დაიშალა, ოთხთ კიდეთა ხმა გავიდა.

127. ერთმანერთსა თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს, მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს, უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს”.

128. იგი მეისრე მონანი მეფეს წინ მოეგებოდა; ჰკითხავს გაზრდილის ამბავსა, სიცილით ეუბნებოდა, ჰკადრეს:,, ვეჭვთ, მისი ნასროლი მზესაცა ეკვირვებოდა; რასაცა ოდენ შესტყორცნა, დაცთნა არ ეგებოდა.“

129. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით; მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით, აწეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, – ვერათ ვერ მოგეხმარებით; ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

130. მონათა ჰკადრეს:,, მეფეო, ვერ მოგახსენეთ რიდითა; ლომსა ავთანდილს უფროსი მოუკლავს ოცდაშვიდითა; თქვენი ნაკრავი წავიდის, ყველასა ვერ მოჰკვლიდითა, სისხლისა მივჰკვლევდით, მივსდევდით, დასაწყისამდის ვლიდითა.“

131. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია; არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია”.

132. მეფე თავისა სიჯაბნეს ცხენს აბრალობს:,, არა რბოდა,“ შენი ცხენი კარგად რბოდა, მუნით ფიცხლად მიმასწრობდა.“ იგი ეტყვის:,, დაგაჭარბე“, და მეფეცა იკვირობდა, ქება უთხრა უსაზომო, საბოძვარიც მისკენ რბოდა.

133. მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

134. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა; ლაშქართა შექნეს მოდენა, მოდგეს უფროსი ბზეთასა; ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა; თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა

135. აქა ჩადის წყალი რამე, პირსა ხე უთქს ამოსრული; ხეთა ძირსა ლომი იჯდა, ტანად ალვა, ჯავარ-სრული; ტანსა ეცვა ვეფხის ტყავი, წამს არ მისცის თვალთა ჰრული; სხვა სევდასა შეევიწრა და შეექმნა დანასრული.