ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

38. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა. ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა, კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა.

39. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა, ჭირთა მალვა, თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

40. ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს; არ ბედითად,,ჰაი" ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს; არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

41. გაასწავლნე სურვილითა, ვინცა იწვით ვისგან ვინა; კვლავ ქებანი ვჰკადრენ ვის მე, არვის უთქმან ჩემგან წინა; ისპად მოსომახოს მსგავსი არ დავაცდენ ვისცა მინა, მისთვის ვლექსობ სიტურფითა, ვინ შუქთა ჰფენს ხმელთა შინა.

42. ვერვინ ხელყოს შესაფერ[............] შორს იცნობის თქვენც შეატ[...........] გონება და სიტყვის წყობა მას ჰქონია[.........] გაუსინჯეთ თავ- ბოლომდის სიტყვის გვა[.......]

43. მიჯნურნო, ხედავთ, რუსთველი თუ როგ[............. ] სიტყვას შეგიმკობს საფერსა, როგორიც[........... ] ტარიელს ველად გააჭრობს, ასმათ გვერც[......... ] ხან ლხინსა მისცემ სიტყვითა, ხან გ[……………. ]

44. მელექსეთ აწვრთნის, ნუ ცდილობ[......] რა რომ ქართული შეგიმც[ი]რდეს, ვეღ[.......] დაღრმობილს სიტყვას ვერ მიხ[........] მაშინ დაიწყებს უწყვეტ[............ ]

45. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს? ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს, რათამეღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს? რა ჰგავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

46. მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა?! თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

47. რადგან კაცსა სიყვარული საყვარელსა ვერ ეთმობის, მისთვის მოსთქვამს მარად დღისით, მისთვის ყველას მიენდობის, მაშ რად გიკვირთ შეფერება, რადგანაც ისი გულს ეგრძნობის, თავი მისთვის გაუწირამს, მისთვის სიკვდილსაც ეხმობის.

48. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოება შვენის, გაჭრად დაეთვლების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა იახლების.

49. ჰე ღმერთო, შენგან იქების საქმე ყოვლისა ტანისა, შენ ხარ ჩვენ არსთა სიმაღლე, სიმდაბლე, სიბრტყვე განისა, ზე ანგელოზთა სიმაღლე, ჩამგდები ქვე სატანისა; ვერ გიტყვის ძალი ენისა, გონება ხელოვანისა.

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

50. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

51. იყო არაბეთს მეფობა მეფისა როსტევანისი; მას ჰქონდა სპარსთა ქვეყანა, მართვ ვითა შანშეს ანისი; უძრწის და მონებს ყოველი,ხელთა აქვს მას საბრძანისი; თქვეს თუ:,, ხამს ხმელთა პატრონად ან ალექსანდრე, ან ისი.

52. აწყა დავიწყოთ ამბავი მის ხელმწიფისა ზენისა: არაბეთს როსტენ პატრონი, მპყრობელი სპა- მოსპენისა; მას ესვა ქალი მნათობი თვალთათ თუთია დენისა, შემხედთა სულის წამღები, ვერ მხედთა ამაგზენისა.

53. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად დასული.

54. მისი სახელი თინათინ, – არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო,მისგან მზე საწუნარია. მეფემან უხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია, გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

55. როსტევან უხმნა ვაზირნი, უბრძანეს თუცა ფარულად; ,, მე ზე არ მომცა სოფელმან, კიდეც მისთვის ვარ მალულად, ამ ჩემთა სპათა თავადად, შემტევებელი ქართულად, მოლხინე- მოასპარეზედ, გამთენებელი დარულად.“

56. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წახდების, სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა.