ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

176. ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს, კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

177. იგი პირ-მზე ეუბნების, ვერვინ ნახა ნაუბარი, ,, მიცემულხარ ჭირსა რასმე, ცრემლთა აფრქვევ გულ- მდუღარი; ზოგჯერ შეთად გაიზახი, ჰგავს, ატყინებს ცეცხლსა ქარი, მაჯლიშითა გავიახლოთ, ესე სევდა რამე არი.“

178. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია, ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

179. “უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე; მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდით, ან ტიროდა ვისთვის კიდე; ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

180. “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა; შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

181. “აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული; მან დამიხოცნა ლაშქარი, ადინა სისხლი ღვარული; კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული? უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

182. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს, ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

183. ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა? რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

184. ,, მაგას ნუ ბრძანებ მეფეო, ეგე კვლა ბედნიერია, ყოვლი ქვეყანა შეიპყარ, ფერხთ ქვეშე მოამტვერია, მოგჩვენებია გრძნეულად მუხთალი შენი მტერია, ეგრე არა ხამს, სიტყვასა გკადრე და დამიჯერია.“

185. ,, თუ ცუდი რამე გინახავს, მაცთური ანუ ქაჯია, ამისთვის, მეფე რად სჭმინავ, ანუ რად გაგისაჯია?– სიტკბოსა ნაცვლად ღმრთისაგან სიმწარე რად გიაჯია? მასვე ევედრე, მოასხი ყოვლი მუყრი და აჯია.“

186. იგი პირ- მზე მოახსენებს:,, მაგად ნურა გენაღვლების; კაცი იყო ხორციელი, მოვნახოთ და გამოჩნდების; ნუ გიმძიმს და თვარემ შენი სიმძიმილი მე მომხვდების, რად დააჭკნობ ყაყაჩოსა? – უშენობა არა შვნდების.

187. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი, გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

188. ,, თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი, ხმელთა მვლელად, მას ნახვიდა სხვაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლელად; თუ არ, ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცვლელ - მშლელად, სევდისაგან მოიცალეთ, რად შექმნილხართ მოუცლელად?“

189. ,, არას გვარგებს სიმძიმილი, უსარგებლოდ ცრემლთა ვღვრიდეთ; თუ გავიჭრათ საძებარად, მოვიაროთ კიდით- კიდეთ, სჯობს, რომ მასვე შემოქმედსა ვეაჯნეთ და დავმორჩილდეთ, კლიტე გახსენ მაჯლიშისა, ლხინი ლხინსა ჩამოჰკიდეთ.“

190. როსტან სიტყვა ასულისა მოეწონა, ეკეთაცა; პირი ხელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა კვლა და კვლაცა; უბრძანა, თუ:,, დაგმორჩილდე, რაცა მითხარ, აგრე ვქნაცა, იგივეა მხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა.“

191. მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა; უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა! მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

192. კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია, ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია, ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

193. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რა მოიგვარენით”.

194. მეფე ბრძანებს : მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო, ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო, გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

195. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა, მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს, რაცა სადა; დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა, მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!