ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

236. ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელდებული; თანა შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული; მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული, აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

237. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

238. შენცა იცი თინათინის სხივი მზესა უაღრესობს; გული ჩემი ვააბადე, იგი ჩემხედ ტალობს, კვესობს, აწ გიცხადებ დაფარულსა, გაპჭე, რაცა უმჯობესობს. მონათათვის ბრძანებულის აღსრულება რჯულად წესობს.

239. “მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა; ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა; ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა”.

240. ,, პირველად მქონდა მე მისი შორს ყოფნის ცეცხლი მდებარე, აწ შემიწყალა, მამიტკბა, მექმნა იმედთა მდებარე; მითხრა თუ:,, წადი, გაიჭერ, ქენ თავი გარდამდებარე, ძებნე იგი ყმა, ცოცხალ ა ან მკვდარი ჰპოვე მდებარე.“

241. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა», მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

242. ავთანდილ ეტყვის შერმადინს ლაღი და შეუპოველი; ,,თინათინ მითხრა იმედი, პოვნასა ზეცით მოველი; მზისამცა შოვნა ვის ძალუც, დაფასდეს მოუქსოველი, ფიცი მაქვს, ვერ გამიცრუვებს, მოწმად მყავს არსი ყოველი.“

243. “პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად; ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად; მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად, ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

244. ,, პირველ ყმა ვარ და ვაამებ, არავის ვესათნოვები; იგი შუქთა მფენს, არ მმაზრობს, სხვამცა ვის შევეპოცები? ფიცი მამცა და შევფიცე, მანამდის არ ვიპოვები, სრულ სპათა ჩემთა მოგათვლი, სამ წლამდი დაგეთხოვები.“

245. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა; ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა ყმათასა, ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა.

246. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი; დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა ცნობდი; წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი, აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

247. “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქა სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

248. პაემანსა არ მოვესწრა, ნუღარ იცდი მოვჰყვე თურე; ამბე ჩემი ნაუბარი, საქმე ესე ადასტურე; ვა დავჰკარგე ჭირთ ნახული, წახდა, რაცა ვიმსახურე; გაუჟღავნე ყმათა ჩემთა, ცრემლი ხშირად მოიწურე.

249. ,, ცის კიდემდის ვიარები ცრემთა რევით სისხლთა მღვრელი; ვევედრები შემოქმედსა, იგი არის მომცემელი; ნუთუ მისით შეწევნითა ვჰპოვო ჩემი სასურველი, მე მისითა მიზეზითა მოვიარო ზღვა და ხმელი.“

250. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთრვალია; მიხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია, გლახაკთა მიე საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და თვალია.

251. ,, ესე არის ამ სოფლისა სიმუხთლე და მისი ფერი! ჰკადრე: მხეცთა შეგვიჭამე მისი ტანი შვენიერი; მუხთალია ეს სოფელი, სწორად უჩანს ყმა და ბერი, ნუ ინაღვლით, ჩემად ნაცვლად სხვა გიბოძეს სახიერი.“

252. “მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხედრე, ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდი ზედა-ზედრე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

253. რა შერმადინ მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარდმოღვარა; მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

254. განა ჰქნა ლომმან იმედი, დაგედვას რაცა მისადა, მეფისა ცამდის მაღლისა, მზისაცა უფრო მზისადა; უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ, არცა თუ აქა, ვზი სადა, მარტოსა თავი ვით დაგიც სავალად მაგა გზისადა?

255. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, - ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რა გვარა ვქნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე”.