ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

256. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად; მარგალიტი აღარ მომხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად, კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრისა დასაჭრელად.

257. ,, მისი ცეცხლი გულსა ჩემსა დამწველი და მედებია; მას ერთსაცა ვერ გაუტეხ, რაცა მიიმედებია; შენგან კიდე არა მივის, ძმები, არცა მე დებია, იმოქმედე დღეთა შენთა, რაცა გიმოქმედებია.“

258. “ვისმცა უთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ ქნას კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა, კვლა ნუთუმცა შემოვიქცე, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

259. განგებაა სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი, წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

260. დაწერა თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოხდილნო!

261. “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა, თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა; ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

262. “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი, დავჰყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

263. “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს სადმე, არ აჭნობდეს, შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

264. “თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი; ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი; ბუკსა იკრას, აქნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

265. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა; წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

266. ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინ-ა.

267. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა, მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.

268. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს; მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

269. “ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!” დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს, მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

270. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები; რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

271. შერმადინ უთხრა:,, მართლ ხართ, თუ ცრემლსა თვალთათ დაჰმილდეთ; მაგრა გვიჯობს, რომე მისსა ბრძანებასა დავმორჩილდეთ, არა გავრყნათ სამსახური, მას წინაშე არ დავსწბილდეთ, ცხადად გვიჩნდეს სიხარული, სიმძიმილსა გარდავსცილდეთ.“

272. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდეთ, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის- სცა.

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა

273. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდის ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს; ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.