ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

57. [თვალი] უმზეოდ ბრალია, თუმცა შეეპყრას ჩრდილოსა; [თქვენც იცით, ] რომე ჭმუნვას ვარ ძნელსა, არ საადვილოსა; [ვაჟი არა] მყავს, ქალია მართ ჩემსა საგაზრდილოსა; [ასრე მ]ით მხედავთ, მუნ ვიტყვი სიტყვასა საღრეჯილოსა .

58. “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვჰკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

59. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰკადრეთ თქვენი ბერობა? ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა: მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა?!”

60. ერთობ დაშალეს ვაზირთა, მაგრამ ვინ მოუსმინებდა, მეფე ლაღი და უკადრი, იგი ქნის, რაცა ინებდა, თინათინ დასვეს ხელმწიფედ, ვინ მზესა ითვალწუნებდა, ვინ სალსა კლდესა დაადნობს და ცვილსა გაატინებდა.

61. “მაგას ნუ ბრძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია: ხმდა განაღამცა საქნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია; სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია”.

62. “თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია; ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

63. მას ლომსა კაცი იახლა მეფისა, ვეფხს უფიცხეო: დაასკვნეს ესე თათბირი, სრულ სპათა ჩემთა ვჰკითხეო, მე ჩემთა სივაჟკაცეთა ჩემნი მებრძოლნი ვითხეო; აწ შენცა გნუკევ, ურწყავად ალვისა მორჩი ითხეო.

64. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

65. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოშორდის, ვერა მჭვრეტმან ვარდი შექნის ფერ-ნაკლულად; ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

66. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიხვდა სიამე, ვსება სჭირს მი სოქალისა; თქვა: “ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!”

67. ავთანდილს მისით შორს ყოფით შეეკრა თვალნი ბლეტითა; იამა ქალის მეფობა სიხარულითა მეტითა; იტყვის:,, ხანდახან საუბრად მივალ გულითა რეტითა, კვლა ზედა- ზედა შევხედავ, ვალხინებ თვალთა ჭვრეტითა.“

68. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან: მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან! მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

69. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა. ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!”

70. კვლა მოახსენეს:,, მეფეო, ვქენით, რაც გიამებისა, [ღმერთმა]ნ ნიადაგ ეგრე ყოს საქმე თქვენისა ნებისა; [ჩვენ] ტახტი დავდგით, სიკეთე ვით ითქმის, ან შვენებისა? [შორი]თ მოვხვიეთ ფარდაგი, ზარქაში ატლასებისა.“

71. ადეგ, როსტან, შენსა მზესა, ხელით ხელსა მოეკიდე.“ მის საბოძვრის მისათვალვად მიზიდავს და მიჰყავს კიდე;– ,, დავბერდი და დავძაბუნდი, მე დღეთავე ჩემსა ვსთვლიდე, რაც შევცოდე შემოქმედსა, ვიტირო და ვინანიდე.

72. უკუვდგე ერთსა ადგილსა, დავიწყო გარდახდილობა.“ უბრძანა სრულთა არაბთა, შეჰკადრეს მილოცვილობა: ,,შენ ჩემთა საჭურჭლეთათვის ნუ შეგაქს გულსა ცილობა, კვლა ზედა- ზედა შევიგნა მე შენი არმოშლილობა.“

73. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა; მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა.

74. უკუდგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა; ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

75. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

76. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი. აქათგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი, ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!”