ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

77. მერმე მოვიდნეს ლაშქარნი, მის მზისა დამლოცველია რომე აივსო სრულობით მინდორი, მთა და ველია; პირველად წადგა ავთანდილ, სოგრატ მას თანა მვლელია; გარდააყარეს გუარი, სთქვა:,, ნიჩბით დასაგველია!“

78. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების; უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების”.

79. უთრუთ, საამ, ზაალ, როსტომ, აიოზ და სალიმ, თურა, – ვერც,მათ იპყრეს ეს სოფელი, დაემართა, იცი, თუ რა?– კაცს ეჭიროს კარგი საქმე, ხელთა ქორსა ვითა თურა, არ დაიგმოს მოყვრისაგან, ათქმევინოს, რა ქნა თუ რა.

80. “მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია; უხვსა მორჩილობს ყოველი, იგინიც, ვინ ორგულია; სმა-ჭამა, - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? რასაცა გასცემ - ჩვენია, რას არა - დაკარგულია!”

81. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

82. აწ ნახეთ მეფე თინათინ და მისთა შუქთა შუქობა, რომე მისებრივ სიუხვე ბუქსა თუ ჰქონდა ბუქობა! [მა]რთ იმა დღისა მნახავსა არსად ეთქმოდა უქობა, [მასც]ა ზარქაში ემოსა, ვის ჰქონდა მებალდუქობა

83. რა გადი[დ]და ნადიმობა, დაატკბობდეს ჩანგი ხმასა; მათ ტურფათ სანახავად ჯარი მოდგის ბანის- ბანსა: ბულბული და იადონი იზახოდეს მულღანზარსა: თავის - მსმელთა დავლიოთო, ძალი მისცეს ღვინის სმასა.

84. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. მოართვეს. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

85. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა”.

86. უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხით რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს. გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

87. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა, რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; რა დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

88. მის ჯარისა სიხარული მე გიამბო ამად კიდე: რა გარდახდა ოდენ ჭამა, ხელმწიფემან თავი ჰკიდა; ავთანდილ და სოგრატ ჰკვირან, ნეტარ რა, ვთქვათ, წაეკიდა? საჭურჭლეთა გარდაგება დაუმძიმდა მეტად კიდა.

89. დღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა; მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ რა უმძიმს, რა სჭირსო?”, შექმნეს ამისი ცილობა.

90. თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია, ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია, თქვეს თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”

91. თქვეს თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”. ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, - რამცა შეგვეცილა? ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”

92. [ თინათი]ნს ჰკადრეს იდუმალ: მეფეს რაცაღა სწყენიან. [ჩვენვ]ე ვაწყინეთ, ვიშიშვით და ამად დიდად გ[ვ]რცხვენიან. [თუ ბრ]ძანეთ, ვჰკითხავთ, რა უმძიმს, შუქი მზებრ აღარ ჰფენიან; [უ]ბრძანა:,, ჰკითხოს ვეზირმან, ტურფა სიტყვამან, ენიან.“

93. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა; წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

94. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო; ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

95. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა? “კარგა ჰქმენო”, დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა; ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!”

96. მეფემან ბრძანა:,, მიფიცავს, ვირცხვი ამისსა თხრობასა, გამცინოთ, არად ამოვჰკრეფ, ვერვინ მიზრახავთ თხ[რ]ობასა. შვილი არა მყავს, მინ მხედავთ, ვეცი ლახვართა სობასა, მოასპარეზედ გამეწვრთნა, სწავლ[ი]დეს მშვილდოსნობასა.