ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

136. ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა; ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. ცრემლთათ ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

137. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

138. როსტევან ჰსჭვრეტდა მას ყმასა, გლახ, დიდად განჰკვირვებული, უბრძანა მონას:,, მოდიო, ვინ არს მზებრ განათებული? მოვიდეს, ვნახოთ, შევოტკბოთ რად არს-ყე დაჭმუნვებული? რა უმძიმს, რა ჰსჭირს? – გვაცნობოს, ჰსწამს თუ ზედასთა კრებული.“

139. მნახავნი მოდგეს:,,ჩვენ ვნახეთ ტურფა რამ სანახავისა: ტირს ვინმე გმირი ცრემლითა, უღელავს ზღვითა ნავია, ვეშპის ოდენი ცხენი ჰყავს, ლამაზი რამე, შავია, რაც შეიტყობის იმისგან, ჩვენთან არ უჩანს ზავია.“

140. როსტან მონა გაუგზავნა:,, ნახე, ვინ ზის წყლისა პირსა; ხელსა ვისმე დავამსგავსე, მით საწუთრო არა ჰკვირსა; შემოჰყრია კაეშანი, მიცემულა დიდსა ჭირსა, მოახსენე სოფლის მზესა, ტკბილად ჰკითხე, რასთვინ ტირსა?“

141. მეფემან ბრძანა:,, ვინ არის უცხო პირად და ტანადო?- უბრძანა ერთსა მონასა:,, წადი ფიცხლად და ჯანადო“; ,, გიბრძანებს“, უთხარ,, ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო, ვინცა ხარ, მოდი წინაშე, შენ ჩვენგან მონაყვანადო.“

142. ,, მოახსენა:,, მეფე გიხმობს“, დაიმდაბლოს იმან სული; თავმან ჩემმან, მე მას მივსცემ, რაცა უნდეს ჩემეული, ბრძანებასა დამორჩილდეს, ამად ნუ აქვს გული წყლული, ვითვისო და შევეთვისო, გაუახლო გული წყლული.“

143. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ მჭვრეტთა მოლიზღარისად; მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად;– ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

144. მონა მივა, ბრძანებასა მეფისასა ეუბნების:,, თავმან მისმან, არ წამოხვალ, სრულად ჯარი მოგადგების; ანუ მოგკლვენ, ან დაგკოდენ., მზისა შუქი წაგიხდების, ხელ - შეკრულსა წაგიყვანენ, ესე ყველა გარდახდების.“

145. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა; მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. იგი ტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა.

146. მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი; ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

147. სხვაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

148. აჰა, ძმაო, რა გიამბო, რაცა მჭირდეს მე ღმრთსაგან; მე რას მაქნევს მეფე თქვენი, რამც მიამოს კაცისაგან; სხვასა ვისმცა დავაბრალო, შეპყრობილვარ ეტლისაგან, მიჯნურობა აჯობინეს, კვლც მასმია ბრძენისაგან.“

149. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა; როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა; თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა, ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და”.

150. მეფე გაჰკვირდა, გაცაწყრა, გული უც მისთვის მწყრომარე; გაგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე, მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

151. ,, მე საწვევრად მონა ვჰკადრე, მას თურ მოსდის პირსა ქაფი შეუზახა ათი მონა:,, შეიმოსეთ ჯავშან- ქაფი. პირველ ჰკადრეთ:,, მეფე გიხმობს, არად გინდა აწ მარქაფი“, არ მოვიდეს, შეიპყარით, მისი სისხლლი ველთა ჩქაფი.“

152. მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ-მდუღარია, თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია; ერთხელ ესე თქვა: “ვა მეო!” სხვად არას მოუბარია.

153. ცხენთა შესხდეს, წამოვიდეს, გარეშემო მოეხვივნეს; მისთა ეგზომ სინაზეთა მისი მჭვრეტნი გაეკვირვნეს; რა შეხედეს პირსა მზესა, მათ მონათა აეტირნეს, ცხენსა შეჯდა, წამოვიდა, მუნით უკან მოეწივნეს.

154. თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა, ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა; ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა! - სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განჰკურნა.

155. რა ყმამან ნახნა მონანი, ტირილსა მისცა ხვესია; არ გაიკითხვენ მიჯნურსა, არაბთა შიგან წესია. მას ხელთა ჰქონდა მათრახი მკლავისა მუნ უსქესია, ესრე დაფრიწა თავები, მკვდართ შიგან დანაწესია.