ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

97. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლივენ სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.”

98. როსტან დაბერდა, გაუშვებს პურობა- დარბაზებართა, მაგრამ მისებრი ვის ძალუც სწავლა სოფლისა ზნებართა, მშვილდოსნად მსგავსი გმირისა, მობურთლად მომტაცებართა. ცოტასა შეჰგავს მშვილდოსნად ლაღი ავთანდილ, მზე ბართა.

99. “ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა, ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, – ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლავ ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

100. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”

101. მეფემან ბრძანა სიცილით, კვლა მოლიზღარედ ზმებია; ავთანდილ ქვეშ - ქვეშ იცინის, არ ავად პირ- აღრებია; მეფემან უთხრა:,, რას ღრიშობ, გაფიცე ჩემი მზებია, თუ ჩემი თავი გიყვარდეს, მიამბე, რასა სწბებია.“

102. კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რა დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო”.

103. ავთანდილ ჰკადრებს:,, საჭურჭლით სავსე მაქვს დარბაზებია; შეგკადრო, არ გამირისხდე, მიწყრომო, არ დავრჩებია. გული პირ-მზემან წამიღო, ვის, ვაგლახ, ვისს თავს ვებია, თუ გამიწყრები, ყველაი თქვენს წინა მონაღებია.“

104. უბრძანა, თუ,, მისმან მზემან, რაცა გინდა, იგი თქვიო: შენი თხრობა რად მეწყინოს, მოცინარად აქა ვზიო. შენგან არა მეწყინების, რაცა მკადრო, მოგისმიო, არას გაწყენ, თავმან ჩემმან, ვარდი შენი არ ვაჭკმიო.“

105. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა."

106. ავთანდილ ჰკადრა:,, არ ღირს ვარ, მაგრამ ვინ გეძაბუნების?– მინდორს ვესროლოთ ნადირთა, ვნახოთ - ვინ ეჯობინების; თუ ბედმან ჩემმან მითოვოს, გაჯობო, ნუ გეწყინების, თავ - ჩამოგდებით, დაღრეჯით სმაში ნუ მოგეწყინების.

107. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მაედანია!”

108. მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე: სიცილით უთხრა ავთანდილს;,, შვილად გზრდი, მით შემეკადრე; იცი, არ გიწყენ, გაზრდილი, მით შემამიხვე ზედადრე, თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედადრე.“

109. როსტევან უთხრა:,, მით მკადრე, არ ეჭვდი ჩემგან წყენასა; რასთვის შემკადრე საუბრად, ვით ათქმევინე ენასა?– სრულ სპათა ყური მოუპყარ ჩემთა ნათქვამთა სმენასა, თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გითოვდეს ზე ნამსა.“

110. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მაედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

111. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინობდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

112. მეფე უბრძანებს:,, კაცი ხამს ჩვენთა ნაკრავთა მთვალებლად, ნაკოდთა შემადარებლად და მკვდართა არ დამმალავად; სხვანი ისრისა მმართავად, მომრთმელი არ ღაფალ - ავად, შენთა ნაკრავთა მართლად თქმა, სხვათათვინს არ დამმალავად.“

113. კვლავ ბრძანეს: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად; თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, – ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად, – ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”.

114. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცემი ჯოგი მრავალთა, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.

115. უბრძანა სრულად ლაშქართა, ვით ხელმწიფეთა წესია:,, ყოვლგნით მოცევით მინდორი, მუნ ცეცხლი ნუ აკვესია; სადაცა ნახოთ ნადირი, ჩვენზედა მოას[ხ] ესია; აწ პატრონ - ყმანი ნახენით, რომელი უარესია.“

116. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.