... (H-743), XIX ს.

159. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასვლა უბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცნი ფრინველი რაც ზედა გარდაგვფრენია

160. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირ გამქუშავია ზედ დაჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მგზავსი შვენება კაცთაგან უნახავია

161. უჭვრიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა ვკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა დადენით

162. მე უხუცესმან უმცროსსა კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემმა შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა უალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

163. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა დაგვამწიფნა

164. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით ხელი მოკიდა დადეგო ესეცა კადრა კიდ ენით მან ხრმალსა ხელი არ მიყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით

165. მათ ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა მოამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

166. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

167. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

168. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა თავიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა

169. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო იქს ნება ნებასა ჩრდილსა გარდასვით მამშვრალნი მიეცით მოსვენებასა

170. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

171. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

172. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მომკლავ ანუ მოვკლავ დავიკარგეთ მეტის მეტად

173. ავთანდილ იტყვის ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი

174. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ შეჭამადთა მჭამელნი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა მინდორთა მოსალამენი

175. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს პირსა წყალი ჩანადენი [………………………………………………………………….] ხე დიდრონი თვალ უწთომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

176. მან ყმამან ქვაბსა მიმართა გავლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა მონახა დიდნი ხენია მა ზედან ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლ მინადენია

177. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

178. ყმამან უთხრა დაო ასმათ ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს ქალი შებნდა მოეხვია ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს