... (H-743), XIX ს.

298. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ხელთა მამათვალე თვარე შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე

299. რამაზ მითხრა აღარა არის ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაპატრონე ციხოვანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ხელთა მოგცემ ყველაკასა გაღანამცა შენ გაქონე

300. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ ხელთა მამცეს სიმაგრენი ომი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ

301. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხი უბრძანე იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგწვეს იცოდით დავყარე დაუგვალავად

302. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდის კიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა დავშვრები თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკუირველი ყაბაჩა და ერთი რიდე თუმცა ნახე სახელისა ცნობასაცა ინატრიდე

303. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩვენი უკვირდის ღვთისაგან თქვის მან სასწაულად არცა ლარულად გებოდა მას ქსელი არ ორხოულად სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა თქვი ცეცხლთა შენართაულად

304. იგი საძღვნოდ მისად დავხსენ ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა ჯობდა ჯორ აქლემი ათჯერ ასი ყველაკაი წვივ მაგრობდა დატვირთული გაუგზავნე ანბავსაცა კარგსა სცნობდა

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე მიწერილი

305. წიგნი დავსწერე მეფეო სვემცა არს თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხთლეს თუმცა მათ ეცა ზიანად ჩემი ანბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად

306. რა ყველაი დავიურვე ხატავეთით გავემგზავრე წამოვიხვენ საჭურჭლენი სახელმწიფო დავიავრე ვერ მოვეყავ აქლემითა აზავრები ვააზავრე მოვირჭვენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვყავრე

307. ხატავეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია ინდოეთს მოველ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია ხელი გამიხსნა შემიკრა მან სახვეველი ლბილია

308. დგანან ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა მიალერსებდეს მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა

309. მას ღამით ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი უხმენით შემოსჯარენით დღეს ხატაელნი მიჩვენეთ ტყვენიცა შემამგვარენით

310. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე ტკბილად ნახა ხელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიმგულვანე

311. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა შეუნდობო ხატაველსა მას აქამდის შენამტერსა

312. მე ვკადრე ღმერთი ვინადგან შაუნდობს შეცოდებულსა უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა რამაზს უბრძანებს იცოდი გაგზავნი შეწყალებულსა მაგრამ ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა

313. ხარჯი დასდვეს შეკვეთეს დრაკანი ასჯერ ასია კვლავ ხატაური ათასი სხვა სტავრა სხვა ატლასია მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა უყო რისხვისა ფასია

314. ხატაველმან დაუმადლა მოდრკა მდაბლად ეთაყვანა მოახსენა ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა თუღა ოდეს შეღაგცოდო მაშინ მამკალ მემცა განა წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა

315. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია ებრძანა შენგან გავყრილვარ მას აქეთ თვეო სამია მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია არ დამაშვრალხარ წამოდი თუმცა დაშრომის ჟამია

316. შევეკაზმე დარბაზს მიველ დამხვდა ჯარი ავაზისა შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქვე ჯდა შეკაზმული შვენებითა მსგავსი მზისა გაეხარნეს მოსვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა