... (H-743), XIX ს.

278. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა ვლიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მეცა ვარ განაკიდია

279. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი თუცა გზა შორია შევთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

280. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს კადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს ქვემცა სადა დავიმალე

281. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემი გაკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი შუბი ახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

282. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინმცა მოკუდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაელთა ხრმალნი ცუდად რას გვაბიან

283. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემანვე ხრმალმან დაფითა

284. მაშინ ხელით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მომართვა მეფისა მოციქულობა ვთქვი თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგქვნია აწ ამად გულ ნაკლულობა

285. შავთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია ბრძანებთ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია მეც რა თქვენთვის დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია

286. რა მივიდა მოციქული კვლავმცა რადღა გამოგზავნეს [………………………………………………………..] სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შექმნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღ~თო ვერა მავნეს

287. შუბი ვთხოვე ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა წავგრძელდი და წავე გრძელად მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

288. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიხდეს მზესა შუბი გატყდა ხელი ჩავყავ ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა

289. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგში ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვტყორცე ცხენ კაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი

290. ერთობილნი მომეხვივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვკრი რასაცა ვერ დამიდგის სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შექნიან ჩემი რიდი

291. საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს უთვალავმან ბევრმან სპამან

292. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნოთ წამოსულიყვნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა იარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ხმა გაიზიარა

293. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ ნეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეხლმენით მისნი სპანი ყველანივე დავიპყრენით არ მოვკლენით

294. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძალისა მიხვდა ნაცვალი ძილ მკრთალთა ღამე თეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

295. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ხელსა სალმით დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად

296. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ხმლითა განაკვეთი ნახეს მეტად გაუკვირდეს

297. გავგზავნენ ყველგან ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავი ვაალაღებინე სისხლითა ვძებნელთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე