... (H-743), XIX ს.

100. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილ ქმნილთა გავახარო ურჩი ყველა ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა არ სალამი დავაძვირო

101. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა უბრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა წა მაგრა მამხვდეს რაღა ვქნა თუ სიშორისა გრძელობა

102. ყმა შავიდა თაყვანისცა მადლი რამე მოახსენა ხელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კვლავ სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლავ მიჩვენა

103. მეფე ხელსა მოეკიდა გარდაკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამსდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ტკბილი

104. გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამესა დღე ზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდება თინათინ მისი მას ვისგან სწვავ ალი

105. რა მოვიდა სიხარული შიგან გახდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა ძღვნიდენ იეფოსა იგი პირ მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა

106. ქალაქი ქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიანბობ ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

107. ესეა მონა შერმადინ ზემოცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავ დადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

108. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყველანი გცოდნიან გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე მისგან მქონდეს პატიჯნი აწ მასვე მოულხენიან

109. მიბრძანა მიცან ანბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულ ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენო მომხვდეს ხისა რგულისა მამცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

110. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად ხამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირსა მიხუდეს მამაცურად

111. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ ყმათასა ამისთვის გნუკავ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა

112. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი ნაპირობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ანბავსა მათსა სცნობდი წიგნსა წერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

113. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქათ სამ წელ მამიცადე ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდე ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე მიტირე და მივაგლახე

114. მაშინღა კადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთვრალია მიხვდა თქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია

115. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედა ზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონე გული შენი მოიმდედრე

116. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა

117. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა რად მიბრძანე რაგვარა ვქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე ჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე

118. ყმამან უთხრა მამისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრისა დასაჭრელად

119. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა ბატონობა ვის მივანდო ვინ იქს კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კვლა ნუთუმცა შემოვიქცე ღმერთმან სრულად არ დამკარგა