ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

158. “მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე, “ნუ თუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედა-ზედრე! “მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონე, გული შენი მოიმდედრე”.

159. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცხელნი ცრემლნი გარდმოჰყარა; მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! “ვიცი, რომე არ დადგები, მაგას გიშლი ამად არა.

160. “ჩემდა ნაცვლად დაგაგდებო,” – ესე სიტყვა რად მიბრძანე? “რაგვარა ვქმნა პატრონობა, რამც გიფერე, რამც გიგვანე! “შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! “სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე.»

161. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად, “რა მიჯნური ველთა ჰრბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად; “მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ-უვაჭრელად, – “კაცი ცრუ და მოღალატე ჰხამს ლახვრითა დასაჭრელად.

162. “ვისცავ უთხრა ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა? “სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა; “კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

163. “ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი: “მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი: “აქათ სამ-წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი, “წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდესნ, ვინცა იყოს ჩემი ხასი».

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა მიმართ.

164. დასწერა თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, “ერთგულნო და მისანდონო, ამასედან გამოცდილნო, “თქვენ ჩემისა საწადისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, “წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო:

165. “მიწამცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა, “თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, “ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა, “პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

166. “საქმე რამე მიძს თავსა ზე, სამე გარდასახვეწელი, “დავყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი, “გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, “მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

167. “მე შერმანდინ დამიგდია, ჩემად კერძად ჰპატრონობდეს, “სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, “ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდსა ჰსვრიდეს, არ აჭკნობდეს. “შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

168. “თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი; “ამას ასრე ჰმორჩილებდეთ, არის ვითამც ავთანდილი; “ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; “მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებთ, არ სიცილი».

169. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ჰბრძანა: “მინდორს შევჯდებიო,» ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაჰზმა.

170. ჰბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა, მონებიცა მოიშორა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა.

171. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.– ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა! ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა, მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად კარგად აეკიდა.

172. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ ჰპოვეს, პირი მათი იფერ-მკრთალეს; მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმარი ანაცვალეს, ყოვლგან ჰრბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

173. ღმერთი, ლომო, შენდა ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს! დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა სცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს. მისი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

174. შერმანდინ ერთგან შეჰყარა ხასი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები; რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

175. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, “უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა! “განაღამცა გმორჩილობდეთ, და გვიბრძანო რაცა ვისცა;” იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი-სცა.

წასვლა ავთანდილისა ძებნად ტარიელისა.