ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

118. მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, “ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო, “ჩემდა მტერად წამოსული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო, “გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო.”

119. ესე სთქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა, მგოსანი და მუშაითი უხმეს, ჰპოვეს, რაცა სადა. დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოჰხადა, – მისი მზგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!

120. ავთანდილ სჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი; შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი, მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი».

121. ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა, უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა, – ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

122. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არ ვისგან რცხვენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა. იგი უებრო ქუშად სჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა; მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

123. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასის თქმად გასაჭირონი, შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

124. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა, ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა; მონამან სელნი დაუდგნა, დასჯდა კრძალვით და რიდითა, პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

125. ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმა-ღა ვით იქმნების? “მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭკნების, “აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, “თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმთ, ანუ რაცა გეკურნების.

126. ქალმან უთხრა საუბარი, კეკლუც-სიტყვა არ დუხჭირად, იტყვის: “თუმცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, “მიკვირს, მოგხვდა წამის-ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად, “მაგრა გითხრობ პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

127. “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა, “ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა, “მასუკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა, – “შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახოცა.

128. “აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, “მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია, “ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ღაწვი გისეტყვია, “შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

129. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: “პირველ ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად, “მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;– “წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.

130. “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, “რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე, “გულსა აგრე საიმედო ია მოჰრგე, ვარდი ჰყარე, “მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემიყარე.

131. “სამსა სძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი: “ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარული მოუბარი; “ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, – იყო თურმე უჩინარი: “კოკობი და დაუფრჭკვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

132. “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, “მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი, “სრულად მოვწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი; “შენი მკლავდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი.»

133. მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე, “სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე, “მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე, “ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე».

134. კვლავცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა, “მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა, “მე რომ თქვენგან მოვისმინე, წყალობანი მედიადა, “ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა”.

135. კვლავ შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი, გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი; გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი; თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

136. ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასადაგეს; ბროლ ბადახში შეხვეული და გიშერი ასად აგეს; ყმა ეტყვის თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ა, სად აგეს, “ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

137. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერა სძლებდა, უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა, ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთო- გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა. | ლებდა,