ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

39. “თუმცა ქალია ხელმწიფედ, მართ ღვრთისა დანაბადია; “არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლავ დია: “შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია, – “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

40. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად, | ლად, რა მოჰშორდის, ვერ მჭვრეტელმან ვარდი შეჰქმნის ფერ-ნაკლუ- ჰნახის, ცეცხლნი გაუახლდის, წყლული გაჰხდის უფრო წყლულად: საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად.

42. რა მეფედ დასმა მეფემან ჰბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქალისა. თქვა: “ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, “ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი ფერ-გამქრქალისა!”

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან; “მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან! “მოდით და ჰნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

44. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდეს ხასისა; ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვეზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს, – უთქმელია ფასისა”.

45. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა, მისცა სკიპტრა და შეჰმოსა მეფეთა სამოსელითა; ქალი მზებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.

46. უკუსდგეს და თაყვანი-სცეს მეფეთა და მისთა სპათა, დაჰლოცეს და მეფედ დაჰსვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა; ქალი სტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო ფრთათა.

47. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, – ამად სტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწვრთის: – მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, “ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

48. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: “დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩვენგან ხელმწიფედ ხმობილი, “აქედგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი, “ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი.

49. “ვარდთა და ნეხვთა ვინადგან მზე სწორედ მოეფინების, “დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების; “უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების: “უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

50. “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია: “უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; “სმა-ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? “რასაცა გასცემ შენია, რას არა – დაკარგულია!”

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთნასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა წუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

52. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, “მომართვით ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი;” მოართვეს; გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა; მერმე ჰბრძანა: “ვიქმ საქმესა მამისაგან სწავლებულსა, “ჩემსა ნუ ვინ ნუ დაჰმალავს საჭურჭლესა დადებულსა.”

54. უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! “ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს; გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია; ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა, რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; რა დაარჩენს ცარიელსა, არ ყმასა და არცა ქალსა.

56. დღე ერთ გარდაჰხდა პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა; მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა; “ნეტარ რა უმძიმს, რა სჭირსო?” შეჰქმნეს ამისი ცილობა.

57. თავსა ჰზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია; ვეზირი, ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია; სთქვეს თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?»

58. თქვეს თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩაჰვარდნილა, “თვარე აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ჰქმნილა.» ავთანდილ სთქვა: “სოგრატ ვკითხოთ, გვითხრას, რაცა შეგვეცილა, “ვკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა!“