ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

98. კვალი სძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალ-წმიდიდ წარხდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვთ წყლულთა ხვე- მეფემან ჰბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა.» | ვისა;

99. ჰბრძანა; “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება, “ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება, “სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უძს განკურნება, – “მასვე მადლი, ესე იყო წადილი და მისი ნება,”

100. ესე სთქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა, არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა, ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა ჰსრვიდა; ზოგთა სთქვეს თუ: “მართალია” ზოგი “ღმერთო!” უზრახვიდა.

101. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს, ვითა შვილი; ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი სჩანს არ დაჯრილი, გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

102. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა, ადგა და კარსა მოვიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა, მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?” მან მოახსენა: “დაღრეჯით ჰზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა;

103. “ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა, “უცხო ყმა ვინმე უნახავს, ესრე დაღრეჯით ამითა.” თინათინ ჰბრძანა: “აწ წავალ, შესვლა არ ჩემგან ჟამითა; “მიკითხოს, ჰკადრე, იყო-თქო აქა ერთისა წამითა.”

104. ხანი გამოხდა, იკითხა “ნეტარ რასა იქმს ქალიო, “ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწაღა ფერ-ნამკრთალიო “დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო.”

105. უბრძანა თუ: “წადი, უხმე, უმისობა ვით გავსძლეო! “მოახსენე, რად დაბრუნდი, შენ, მამისა სიცოცხლეო? “მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, “გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო.”

106. თინათინ ადგა, მოვიდა, მიჰყვა მამისა ნებასა; უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა: მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება ნებასა, უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”

107. ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნო- “ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! | ბდეს, “თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს, – “კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.”

108. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, “შენი ჭვრეტა და სიცოცხლე ლხინადვე დამისახია, “მომაქარვები სევდისა მართ ვითა მუფარახია; “ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

109. “უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე, “მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე; “რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან სტიროდა ვისთვის კიდე; “ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

110. მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლი მოიხოცნა; “შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა, “ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა; “ჯერდცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

111. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასე გამემწარნეს, “დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს, “ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარამან მინეტარნეს, “სადამდისცა დღენი მესხნეს, ვეღარამან გამახარნეს!»

112. ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: “ჰე, მეფეო, რად ემდურვი, ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა, “რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? “ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემომქმედსა!

113. “თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი ხმელთა მვლელად, “მას ნახვიდა სხვაცა ვინმე გამოჩნდების მასწავლელად, “თვარემ ეშმა გვჩვენებია, ლხინთა ჩვენთა შეცამშლელად; “სევდისაგან მოიცალე, რად შექმნილხარ მოულხენლად!..

114. “მე ამას ვარჩევ, მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, “შორს არის თქვენი სამზღვარი ბრძანება-მიუთხრობელი, “გაჰგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, “ადრე სცნობთ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი.»

115. მოასხნეს კაცი, გაჰგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა; უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა! “მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა, “მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა»

116. კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია, მონახეს, სძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლავ და კვლადია, ვერცა თუ ნახეს მნახაველი, ღვრთისაგან დანაბადია, ცუდათ მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

117. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, “მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, “მისსა მნახაველსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, “ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით».