ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვეზირი ჰლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო, “მართალ ხარ, – წაჰხდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, “ყველასა გასცემს ასული თქვენი, საბოძვარ-ხშირიო, “ყოლამცა მეფედ ნუ დაჰსვი, თავსა რად უგდე ჭირიო!»

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, გაუკვირდა: “ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაჰბედნა.» “კარგა ჰქმენო,» დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა: “ჩემი ძრახვა სიძუნწისა, სტყუის, ვინცა დაიყბედნა.

62. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია: “სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, “კაცი არ არის, სიდგანცა საბრძანებელი ჩვენია, “რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.

63. “ერთია, მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა, “ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, “ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლავ ბურთაობითა, “ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა».

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა; მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?»

65. კვლავ უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?» ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, “რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, “არ გამხადო კადნიერაი, არ ამიკლო ამაზეო.

66. უბრძანა: “რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ჰფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა; ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბარისა, “ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა:

67. “მიწამცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია, “ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; “მოასპარეზედ ვინ მგავსო!?” – ცუდიღა უკუთმანია – “გარდამწყვეტილი მისიცა ბურთი და მოედანია!”

68. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, “ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, “კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, “მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

69. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიტეს, იცინოდეს, ჰყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგა ჰზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამდღე ვლიდეს.”

70. კვლავ ჰბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად; “თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად; “ერთია შენი შერმადინ, არს მათდა დასადარებლად, – “ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად.”

71. მონადირეთა უბრძანა: “მინდორი მოიარენით, “დასცევით ჯოგი მრავალი, თავნი ამისთვის არენით.”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით.” გაჰყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.

72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახჩოსანი, პირ ოქროს რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასვლად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

73. შეეკაზმა მეფე, შესჯდა, ნადირობას გამოვიდეს, რგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს, ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს, ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან ჰსრვიდეს.

74. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, “მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, “ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა.” დაიწყო მოსვლა ნადირთა ყოვლთა მინდორთა კიდითა.

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწდომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა-მხლტომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდეს რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს, მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, რა ისარნი დაელივნის, მონანი ყე მოართმიდეს; მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

77. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დაჰხოცეს და ამოსწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარიცხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს; ავთანდილის შემხედველთა – : “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს.”

78. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი სდის და წყალსა პირსა კლდენია; ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა ჰრბის ცხენია; იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.