ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

79. ერთმანერთსა თუ: “მე გჯობო,” სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ სდგებოდეს; მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს: უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს.”

80. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით: “მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით, “აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, ვერად ვერ მოგეხმარებით; “მისგან ნაკრავი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

81. “ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია, “მაგრამ ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია, “არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, “თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია.”

82. მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა.

83. იგი ორნივე საგრილად გარდაჰხდეს ძირთა ხეთასა; ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსი ბზეთასა; ახლოს უდგს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა; თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ხევთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის-ტყაოსნისა

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე, სჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბაჯარ-უნაგირსა, ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

85. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ხელთა ნაჭერი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახვა მოუნდათ უცხოსა სანახავისა.

86. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად; მუნვე სწვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარისად; ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

87. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდ-ხანს უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა, მოახსენა: “გიბრძანებსო,» ახლოს მისდგა, დაუწყნარდა; იგი სტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა.

88. მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი; ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

89. სხვაგან ჰქრის მისი გონება, მისმა თავისა წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლავ ჰკადრა მონამან; არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩნა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

90. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა, როსტენს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა, “თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა. ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნდა.”

91. მეფე გაჰკვირდა, გაცასწყრა, გული უძს მისთვის მწყრომარე; გაჰგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე, “მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქა მჯდომარე.”

92. მონანი მისდგეს, მივიდეს, გაჰხდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ-მდუღარია, თვალნი მოარნა ყოველგან, ჰნახა ლაშქართა ჯარია, ერთხელ ესე სთქვა: “ვა მეო!” სხვად არას მოუბარია.

93. თვალთა ხელნი უკუ-ივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ხრმალ-კაპარჭნი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შესჯდა, – მონათამცა საუბარნი რად იყურნა! – სხვასა მხარსა გაემართა, მათნი ჭირი არ განჰკურნა.

94. მონათა ხელი გაჰმართეს მის ყმისა შესაპყრობელად; მან გლახ იგინი დაჰხადნა მტერთაცა საწყალობელად, ჰკრა ერთმანერთსა, დაჰხოცნა, თავის ხელ – აღუპყრობელად, ზოგსა გარდაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.

95. მეფე გასწყრა, გაგულისდა, მონანიცა შეუზახნა; მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ჰნახნა; რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა; კაცი კაცსა შემოსტყორცა, – როსტენ ამად ივაგლახნა.

96. შესხდენ მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად; იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად; ტაიჭი მიუგს მერანსა, მიეფინების მზე ველად; შეიგნა მისვლა მეფისა მისად უკანა მდეველად.

97. რა სცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა, მასვე წამსა დაიკარგა, – არ უნახავს თვალსა ჩვენსა – ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა; ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.