ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

19. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი, კვლა აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა– მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა- საუბართა ტკბილთა ფრქვევა, რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

21. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას სიტყვა-მცირობა, ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

22. მე ვიკადრებ ლექსთა კარგთა, ვერვინ თქვას ჩემი ფერი: ცხელის ცრემლით ავატირო მე სოფელი ჩემი მტერი, ცა- ქვეყანა შევათავო, ვითა მიწა გავამტვერი, ამა ჩემმან საუბარმან შეაქციოს ყმა და ბერი.

23. მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი, თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქვას ერთი, ორი, უმზგავსო და შორი-შორი, მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო,” უცილობლობს ვითა ჯორი.

24. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა, - ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

25. ამბავი წვრილად უამბოს, ზე სადმე არა წასთვალოს; ყოვლსა კაცსა ამატებდეს, ჭირსა თავი არ აკრძალოს; ლექს- ქართული აღარიბოს, საუბარი გაასრულოს, ნახოს კარგმან გამგონემან, არა სადა არ აბრალოს.

26. მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად; ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად. მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

27. მე გიამბობ, ვინცა იყვნეთ ხელობისა მოძებარი: სხვასა ყოვლგნით მოეშვენით, სოფლის ლხინად იგი კმარი; მათად საქმე ვერ ვამსგავსე, ვითა სმასა მეომარი, ვისთა თვალთა ყოვლი თემი ერთად უჩანს, იგივ არი.

28. ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

29. ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

დასაწყისი პირველი ვეფხისტყაოსანთა, ამბავი მიჯნურობისა

30. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა, იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

31. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან, ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან; მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

32. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა; ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა, კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა.

33. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა. სიბრძნე, სიუხვე,სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა; ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

34. ვის ეს ყველა არა სჭირან, არვინ დასთვლის მიჯნურთ თანა, შექცევასა მოეშოროს, მათთვის იხოს გულსა დანა, მისი კერძი ყველგნით დაწვას, ვარდი აზროს, ნამოს და ნა, ვინცა ესე არ მისმინოს, ვერა ირგოს ვერსით მანა.

35. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნუ ვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმის ჩემი ნაუბარი!

36. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.

37. მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს, ნუცა ლხინსა აუზავდეს, ნურცა ჭირსა შეუზარდეს: მისთვის დასთმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს, ნურა ჰგავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაჰქარდეს.