... (A-656), XIX ს.

39. თუცა ქალია ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კვლავ დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

40. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირსპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მზგავსი მზისა და მთვარისა ჯერთ უწვერული სადარო ბროლ მინა საცნობარისა მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ქონდა დამალულად რა მოშორდის ვერ მჭვრეტელმან ვარდი შეჰქმნის ფერნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულმოკლულად

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე ვსება სჭირს მის სოქ ალისა თქვა ზედასზედა მომხვდების ნახვა მის ბროლფიქალისა ნუთუ მით ვჰპოვო წამალი მე ჩემის ფერგამქრქალისა

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან მან გაანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათლობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

44. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი გამრავლდა ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა

45. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა

46. უკუდგეს და თაყვანისსცეს მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა კრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა

47. მამისა ტახტსა საჯდომლად თავი არ ეღირსებოდა ამად სტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვრთის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი აქათგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილთა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

50. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგიცა ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემთ ჩვენია რაც არა დაკარგულია

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქმს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინებდა

52. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მომართვი ჩემი ყველაჲ ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქმ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა

54. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მოასხი რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვენაბამსა ნასუქალსა რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა

56. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ხილობა ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა

57. თავსა ზის პირმზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი კრთომია

58. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ გვითხრას რადმცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა