... (A-656), XIX ს.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლმოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა

60. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ხშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

61. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგი ჰქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ზრახვა სიძუნწისა ტყუის ვინცა დაიყბედნა

62. ეგე არ მიმძიმს ვაზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიენ სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა საბრძანებელი ჩვენია რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია

63. ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღმერთმან არ მომცა ყმაშვილი ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კვლავ მობურთლობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავმოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა

65. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რად დამგმეო ყმამან კადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამასზეო

66. უბრძანა რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისი მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბნარისა ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

67. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდიღა უკუთქმანია გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია

68. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქმო შედრეკილობაკლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მოედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

69. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდასწყვიდეს იცინოდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღე ვლიდეს

70. კვლავ ბრძანა მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად თორემტი ჩემად ისრისა მომრთმევლად მოსახმარებლად ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვლიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

71. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით დაცევით ჯოგი მრავალი თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით გაყარეს სმა და ნადიმი მუნ ამოდ გავიხარენით

72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბადახშოსანი პირ ოქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობად გამოვიდეს მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყად გარე შემოკრვიდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაჰფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

74. უბრძანეს მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწვდომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლად მხლტომელი მას პატრონყმანი გაუხდეს ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მისროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივის მონანიყე მიართმიდეს მხეცნი მათგან დაკოდილნი წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს

77. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიდეს ცათა ღმერთი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნესნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა გავსო ალვას ედემის ხეს

78. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მხნენია