... (A-656), XIX ს.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა უბურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვედ ქნევა მართ აგრევე მელექსესა საუბართა ტკბილთა ფრქვევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა

21. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არა ჰქმნას სიტყვამცირობა ხელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

22. მოშაირე არა ჰქვიან თუ ვინმე თქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ გონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი უმსგავსო და შორიშორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

23. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოჰკლვენ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა

24. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვეამების რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

25. ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს ყველას მისთვის ხელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს

26. ჩემი აწ ცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მიჩს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს მიქია

27. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მომცემი აღმაფრენათა ვინცა ეცდების თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა

28. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან ვთქვნე ხელობანი ქვენანი რომელნი ხორცთა ხვდებიან მართ მასვე ბაძავენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგთა აქვსთ საღმრთო სიახლე დაშვრების აღმაფრენითა კულავ ზოგთა ქუჱ უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა

30. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაც არ სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიყვარული მარტოობა შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა ეახლების

ანბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

32. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარმრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კვლავ მოუბარი წყლიანი

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტოდ ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული

34. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო მზე მისგან საწუნარია მეფემან უხმნა ვეზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხნა დაუწყო მათ ამო საუბნარია

35. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბნაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსვჭვრეტთ ღამესა უმთენაროსა

36. მე გარდასრულ ვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვკვდები სოფელი ასრე მქმნელია რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია

37. ვეზირთა ჰკადრეს მეფეო რად ბრძანეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა მისივე მეტობს ყვავილსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკულავმან ვითამცა კადრა მტერობა

38. მაგას ნუ ბრაძანებთ მეფეო ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ხმა განაღამცა საქმნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია