... (W-17), XVII ს.

139. მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მჴედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედაზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონენ გული შენი მოიმდედრე

140. რა შერმადინ მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა

141. განა ქნა ლომმან იმედი დაგედვას რაცა მზისადა მეფისა ცამდი მაღლისა მზისაცა უფრო მზისადა უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ არცა თუ აქა ვზი სადა მარტოსა თავი რად დაგიც სავალად მაგა გზისადა

142. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყუა ვით მიბრძანე როგორა ვქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გაგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე

143. ყმამან უთხრა მამისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი აღარ მოხუდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახვრისა დასაჭრელად

144. მისი ცეცხლი გულსა ჩემსა დამწველი და მედებია მას ერთსაცა ვერ გაუტეხ რაცა მიიმედებია შენგან კიდე არვინა მყავს ძმები არცა მე დებია იმოქმედე დღეთა შენთა რაცა გიმოქმედებია

145. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ იქს კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმამც ახლოს ვერ იბარგა კულავ ნუთუმცა შემოვიქცე ღმერთმან სრულად არ დამკარგა

146. განგებაა სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდეს ვინცა იყოს ჩემი ხასი

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

147. დაწერა თუ ჩემნო ყმანო გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქუენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოხდილნო

148. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა

149. საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი დავყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქუენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

150. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდთა არა დააჭკნობდეს შემცოდესა შიშისაგან ვითა ცვილსა დაადნობდეს

151. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მსახურებდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

152. [......]ნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა [.....] ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა [.....]ორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა [............... ]წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

153. ].............]ყველაკაი აქა მომჴრედ არვინ მინა [...........]მოიშორვა თავი გაითავისწინა [................]ე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა ].............]ჰქონდის საგონებლად მისი მკვლელი თინათინა

154. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინმცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა

155. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვეღარ ჰპოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ინაცვალეს ყოლგნით რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

156. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო თვალი უცრემლო ულები

157. მერმე უთხრა მართლ ხართ თუ თვალთათ ცრემლსა დამილდეთ მაგრა გუიჯობს რომე მისსა ბრძანებასა დამორჩილდეთ არა გარყუნათ სამსახური მას წინაშე არ დავსწბილდეთ ცხადად გვიჩნდეს სიხარული სამძიმირსა გარდავსცილდეთ