... (W-17), XVII ს.

40. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აიღეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბარითა

41. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქუენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ხშირიო ყოლემცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

42. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ზრახვა სიძუნწისა ტყუის ვინცა დაიყბედნა

43. ეგე არ მიმძიმს ვაზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლივენ სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგნით ესწავლნეს სამამაცონი ზნენია

44. ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღ~თმან არ მამცა ყმაშვილი ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კვლავ ბურთაობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა

45. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავმოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთა გამამაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

46. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რა დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამადზეო

47. უბრძანა რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბნარისა ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

48. მიწაცა თქუენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე ყმანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდნიღა უკუთქმანია გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მაედანია

49. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო შედრეკილობაკლებასა კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მაედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

50. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს საყუარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკუნიდეს ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღე ვლიდეს

51. კულავ ბრძანეს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად მოსაჴმარებლად ერთაი შენი შერმადინ არს მათდა დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა დასთვლიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

52. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით დასცევით ჯოგი მრავალთა თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით გაჰყარეს სმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

53. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახშოსანი პიროქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასვლად აწვევდა მოდგა თეთრტაიჭოსანი

54. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყას გარე შემოჰკრვიდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

55. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა

56. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწდომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხლდომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს საჭვრეტლად სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

57. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიისროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივის მონანიყე მოართმიდეს მხეცნი მათგან დაკოდილნი ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს

58. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიდეს ცათა ღ~თი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავსო ალვას ედემს ის ხეს

59. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მჴნენია