... (W-17), XVII ს.

119. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გავსრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭვრეტა რა მომხუდეს კვლა უგრძესადრე ჴამს მოყურისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე

120. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეჴოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და ეკეცების რა მილულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების შეკრთის დიდი დაიზახნის მით პატიჟი ეოცების

121. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

122. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ჴმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი სცნან რაცა გარემონია

123. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილქმნილთა გავახარო ურჩი ყუელა ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედაზედა არ სალამი დავაძვირო

124. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადლიერობა ებრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა წა მაგრა მამხვდეს რაღა ვქმნა თუ სიშორისა გრძელობა

125. ყმა შევიდა თაყვანისსცა მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკუირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქუენა აწ ნუთუ კვლა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კულავ მიჩვენა

126. მეფე ყელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ბილი

127. გამოემართა ავთანდილ მოყმე მჴნე ლაღად მავალი ფიცხლა იარა ღამეცა დღე ზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდები თინათინ მისი მას ვისგან სწვავს ალი

128. რა მოვიდა სიხარული შიგან გაჴდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდეს უეფოსა იგი პირმზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა მიხუდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სასწრაფოსა

129. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარე კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა მისი ერთგული შერმადინ დაისვა სავაზიროსა

130. ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავდადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

131. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გიცნიან გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჟნი აწ მასვე მოულხენიან

132. მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა აწ მიბრძანა საიმედო ამად მხედავ მხიარულსა

133. მიბრძანა მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენოდ მამხუდეს ხისაცა რგულისა» მომცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

134. პირველ ყმა ვარ წასულა მინდა პატრონისა სამსახურად ჴამს მეფეთა ერთგულობა ყოფა მართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს მიუხდეს მამაცურად

135. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონყმათასა ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ჴმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა ყმათასა ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა

136. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი ნაპირობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა ცნობდი წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნიდი აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა ვითამც აგრძნობდი

137. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე სპათა ჩემთა ეთავადე საპატრონო შეინახე აქა სამ წელ მომიცადე ხვაშიადი შემინახე კულავ ნუთუმცა შემოვბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნა ხე

138. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია უამბე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთვრალია მიხუდათქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიე საჭურჭლე ჩემთვისღა რა საცველია