... (W-17), XVII ს.

60. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკეთ ჰყვებოდეს უბრძანა თქვიო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

61. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყუით შენსა მაგისა დარებით აწვეცა დაგუჴოცთ ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით

62. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუჴოცია არ დასცთომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგუიხოცია

63. მეფესა ესე ამბავი უჩნს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

64. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უთქს მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა

როსტევან მეფისაგან ნახვა ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა

65. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად უსხდა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლთათ ვარდი დაეთრთვილა[ ...............................]

66. მას ტანსა კაბა ემოსა გარეთმა ვეფჴის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა ხელთა ნაჭედი მათრაჴი ჰქონდა უსხოსი მკლავისა ნახეს და ნახუა მოუნდა უცხოსა სანახავისა

67. მივიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად თავჩამოგდებით მტირლისა არ მჭვრეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა ჰგია გიშრისა ღარი სად ახლოს მივიდა მოსცილდა სიტყუისა თქმად აღარისად

68. ვერა ჰკადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი ტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

69. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ძახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკუნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გაზდის ვითა ნაგუბარი

70. სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩნა ბაგენი თავი ვარდისა კონამან

71. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტანს ჰკადრა შემიტყვია იმას თქუენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და

72. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

73. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულმდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქუა ვაიმეო სხვად არას მოუბარია

74. თვალთა ხელნი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ხმალ კაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა სხვასა მჴარსა გაემართა მათი ჭირი არ განჰკურნა

75. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დაჴოცნა თავსა ჴელაუპყრობელად ჰკრნა ერთმანერთსა დახოცნა მტერთაცა საწყალობელად ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად

76. მეფე გასწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭურიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა

77. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიქრის მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნა მისულა მეფისა მისად უკანა მდეველად

78. რა ცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩუენსა გვანდა ქუესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა