... (W-17), XVII ს.

99. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი უხმეს ჰპოეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგზავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

100. ავთანდილ წვა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

101. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერთგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

102. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგზავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა

103. გაცვრცილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

104. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირისპირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

105. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკურნების

106. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვად არ დუხჭირად იტყუის თუმცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად მიკვირს მოგხუდა წამის ყოფად საქმე შენგან დასაჭვი რად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

107. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეჴოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეჴოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლახო ცა

108. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყუარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად ცრემლთა ღაწვის გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

109. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ჴორციელი არვინა გუყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად წადი იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

110. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამჴსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა აგრე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

111. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფურჭუნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი

112. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მამჴვდეს ჴორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკულიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

113. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკუდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავე წა მე

114. კვლაცა ჰკადრა აჰა მზეო რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭკნების შუქი შენი იეფადა

115. თავი ჩემი სამსახურად თქვენად რადმცა შევიწყალე არასათვის არ დავდგები უსაცილოდ წავალ ხვალე გული ფერად ლაჟვარდისა გავაწითლე გავალალე სიცოცხლისა უკეთესი რა მიბოძე რამც ვივალე

116. კვლა შეფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭუირი

117. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასად აგეს ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყუის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ა სად აგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

118. ყმა წავიდა სიშორესა თუმცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყუარულსა ავალებდა