... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

138. ყმამან უთხრა რას მენუკვი არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე განაღამცა გავნადირდი თავი ასრე გავიხადე

139. ქალმან კულა ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ფიცე არ მოჰკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა

140. ყმამან უთხრა თუ მიჩვენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას ვუზამ უგემურსა არა ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან ეამების ვაამებ და შევიყვარებ

141. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ხელი მოჰკიდა მოჰყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასაგვანებლად

142. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად

143. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დაჰრიდეს ვარდსა ჰხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭვდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი თუმცა ლალად ღირდეს

144. მობრუნდა ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დაჰხოცთ ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა

145. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არდაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ სადაური სით მოსრული მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა განწირული

146. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

147. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია თუცა არ მიცნობ გინახავ თუ ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დაჰხოცენ მონები არსაპყრებია

148. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით

149. ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაგვემალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა თავი სრულად გავაშეთეთ

150. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ხელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენი ნახულიი ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია

151. მიბრძანა მიცან ამბავი მის მზისა წარხდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავსძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა

152. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელთა სულმობრძავი სამე გლახ ა

153. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვტიროდი მომეგონა მე გლახ ჩემი წარმწყმედელი

154. რას მაქნევდით რა გინდოდა ერთმანერთსა რათა ვჰგვანდით თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით გაგულვანდით აწ ვეჭვ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

155. მოვიხედე მომეწია რა პატრონი შენი ვნახე ხელმწიფობით შემებრალნეს ამად ხელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შევუზრახე ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს სხვასა რამც ვასახე

156. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვსცნა ამება მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

157. აწ ვაშად მოხვე მეამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მზგავსი გმირისა მაგრა გარჯილხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა