... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

21. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად თვალთათ ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

22. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად წა და იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

23. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

24. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი

25. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მომხვდეს ხორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

26. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავე წა მე

27. კვლაცა ჰკადრა აჰა მზეო რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭნების შუქი შენი იეფადა

28. კულავ შეჰფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვახშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი

29. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასად აგეს ბროლბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ა სად აგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

30. ყმა წავიდა სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად იყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

31. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქმნა ვერ ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე ხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე

32. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და ეკეცების რა მიჰლულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების შეკრთის დიდი დაიზახის მით პატიჟი ეოცების

33. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

34. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია

35. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო მორჩილქმნილი გავახარო ურჩი ყოვლი ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედაზედა არ სალამი დავაძვირო

36. მეფესა ეთქუა ამისი დიადი მადრიელობა ებრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა წა მაგრა მომხვდეს რაღა ვქმნა თუ სიშორისა გრძელობა

37. ყმა შევიდა თაყუანის სცა მადლი რამე მოახსენა ხელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კვლა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა

38. მეფე ყელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ლბილი

39. გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამეცა დღეზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდები თინათინ მისი მას ვისგან სწვავ ალი

40. რა მოვიდა სიხარული შიგან გაჰხდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა