... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

177. ქება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

178. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

179. ყმა დაბნდა რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი დააპკურა თქვა ისმენდი მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურა

180. მას ქალსა ნესტანდარეჯან იყო სახელად ხმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მსგავსიმზისაგან შვენებით არშეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წდობილი

181. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ხელთა მიმცეს რა შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა

182. მეფემან სახლი ააგო შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა კუბო დგა იაგუნდისა თვალისა პირსაა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან სახმილი ალისა

183. მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლბალახშეულმან

184. მამა მამიკვდა მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა ერთგულთა შექნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა აწ დაბადება ქალისა მთვარულებ მონავანისა

185. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთროგაცუდებული დღისით და ღამით ვვაებდი ვერვისგან სულდაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული

186. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა აჰხდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამირბარობა ქნა მისვე საურავისა

187. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა

188. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდისწყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

189. ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი ხე ალვა დარიგებითა მეფე გარდახდა მუნ სადა კოშკად ფარაზი გებით ა შიგნით შევედით სრა დაგვხვდა მოცვული ფარდაგებითა მაშინ ნასობთა ლახვართა სულნო ვით დაუდგებითა

190. ვიცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა

191. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარე ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედენ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა ვამე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

192. აწ წახდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი ვა გმირთა მემუქარენი

193. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქვნა ცრემლი მიწასა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება ვამე რა დიდი ზარია

194. მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

195. დურაჯნი მივსცენ გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა გარე მომრტყმოდა ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

196. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ხელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა