... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1. [.............................................................................................] [.............................................................................................] [.............................................................................................] ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

2. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდით ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

3. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობლად შევუზახენ სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცნა ჯერთცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცნა

4. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდეს რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ ვეღარამან გამახარნეს

5. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღმერთსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

6. მაგას ნუ ბრძანებ მეფეო ეგე კვლა ბედნიერია ყოვლი ქვეყანა შეიპყარ ფერხთ ქვეშე მოამტვერია მოგჩვენებია გრძნეულად მუხთალი შენი მტერია ეგრე არა ხამს სიტყვასა გკადრე და დამიჯერია

7. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი საზღვარი ბრძანებამიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

8. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

9. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კვლა და კვლა დია ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია

10. მონათა ჰკადრეს მეფეო ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით

11. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული გარდმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო

12. ესე თქუა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი უხმეს პოვეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

13. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მის წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

14. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერთგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

15. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან ჰრცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად ჰშვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა

16. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

17. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირისპირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

18. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკურნების

19. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუცსიტყვად არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად გიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან დასაჭვი რად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

20. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლახო ცა