... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

274. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორემლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

275. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საბატონოსა მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ჰინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

276. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს ვერას ამბისა მცნობელნი მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლი შეუშრობელნი

277. ვთქვი რა მქონდა სახლსა ჩემსა სპათა ვსჭვრეტ და ვსვამ იგია მე ვიშვებ და იგი ტყვედა ზღვათა შიგა წამიგია კლდისაგანცა უმაგრესსა ესე ვითა გამიგია ხრმალსა ხელსა ვეღარას ვხდი ცუდად შიგან რას მიგია

278. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღმერთი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების

279. მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი ვეღარ ვიქნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მუნ მორწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

280. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუხლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო და გაწამოთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

281. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ თქვენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების

282. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა თქვენ საროსა ეგეც ხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონოს სახედრობა სიფიცხენი

283. ფრიდონგამომყვა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით გაზრდილგამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით

284. ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად კვლა ვიარე რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მხეცთა დავადარე

285. ვთქვი თუ ჩემი აღარაა სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამა ასმათს სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა

286. აწ წადითო მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთათ მონადენთა რა ესენი მოისმენნეს საუბართა ესოდენთა[.....................................] [................................................................................................................]

287. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დად სამებულმან შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლეგაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან

288. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისა კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა მას არა არ ელხინების

289. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გინდა საქებარი მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯასაცა შემტყვებარი მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მომდებარი სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

290. რაცა გითხრა მომისმინე ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

291. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკევ შემაჯერო ღმერთი იღმრთო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავწიროთ მაფიცო და შემომფიცო

292. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემეპირო მეცა ფიცით შეგაჯერებ არასათვის არ გაგწირო კვლა მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო ღმერთსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთვის აგრე არ გატირო

293. მან მიუგო უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი ღმერთმან ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი