... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

79. თუარ დავბრუნდე საძებრად დავჰყვნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნნე ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს მიხვდა ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

80. უამბოს ჩემი სიკვდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვატირილი ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი სადმე სხვაგან მე რებული ამას იგონებს ტირილით გონებაშეიწრებული

81. იტყუის ღმერთო სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარულნი კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ ჭირნი დაუბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ

82. კვლაცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არსაქმნელი არ იქმნების

83. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

84. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მხეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

85. თუცა მჴეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავუგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კვესითა

86. წინაუკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ საჭამადთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი

87. დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს ძირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდრუან თვალუცდომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

88. დადგა უჭვრეტს ალვის შტოსა ანძრევს გარე ჰქონდა ყელსა ავთანდილს ჰკვირს ეგრე ვითა გაანათებს მზეებრ ველსა პირად მზესა გულად ლომსა ტანად შეჰგავს სარო მზრდელსა მოიგონებს გულ ამოსკვნით მასვე მისსა საგონელსა

89. მან ყმამან ქვაბსა მიმართა განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლმინადენია

90. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

91. ყმამან უთხრა დავო ასმათ ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ქალი შებნდა მოეხვია ერთმანერთსა სისხლით სწმიდეს

92. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოთქმიდიან ხმა სცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევაზმასა

93. სული დაიღო მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჰხადა აკაზმულობა მას ყმასა შეჰხსნა შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახდა გამოსრულობა

94. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი კვლა უფრორე დაიღრეჯდა

95. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშაშლილი წვერგამო ნუ თუ მზეაო თქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

96. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

97. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა ვუთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა არც მისი დავისობინო

98. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი დახვდა კარგახმული მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლდასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლბაკმული