... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

99. ვერ იცნა სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

100. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო წრწებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

101. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტანსარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ჰყივი აგრე ხმიანი

102. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცთები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა

103. ყმა ეტყუის ხედავ სისხლისა თვალთა მდის ცრემლთა წყალები დრო გამიგრძელდა მიმჭირდა მაჩნია მით აწყა ლები ვიცი არ მომკლავ ღარიბი ღარიბსა შეგეწყალები მაგა ამბვითა დამივსე ცეცხლისა მე აწყ ალები

104. ქალო არიცი სით მოვალ რა ჭირნი მომითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიანბე ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

105. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების თვრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიანბობ რაცა გინდა იგი ქენო

106. კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა

107. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო რაგვარა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

108. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მომკლავ არ მოვკვდები მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კვლა თუ მომკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი

109. კვლა ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

110. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია

111. ყმამან თქუა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა

112. ქალი დაუჯდა კუშტგვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოჰგუბდა ცრემლისა საგუბარია კვლა იქით ქალი ატირდა მისთვის გულნალმობარია

113. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლდენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

114. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად

115. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ხამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გამონე

116. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა ხსენება გულამოხვინჩვით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა გულისა ლხინება

117. უბრძანა ამა სიტყუვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კვლა უთხრა დაო მიჯნური მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

118. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუწყვედლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადა მი სად გული თქვენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად