... (H-741), XIX ს.

1460. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის: მორჭმული ღ~თისა ნებითა: საკრძალავი და უკადრი: ლაღი არვისგან ვნებითა: არცა რა უმძიმს ქაჯთაგან: არცა გრძნეულთა გრძნებითა: მაზედა შველა რად მინდა: რად მეჭვ რასაცა თნებითა:

1461. რა მოვა ჩემთვის განგება: ზეცით მოსრულნი ზენანი: ღ~თი იწადებს მომივლენ: გულის სახმილთა ლხენანი: მაშინღა მამხვდეს მოკვდავსა: მზისა ელვათა ფენანი: უმისჟამისოდ ცუდია: ჩემგან მი და მო რბენანი:

1462. მიდი და ჰკადრე ტარიელს: პასუხი ჩემგან თხრობილი: მადლი რად უნდა მეფეო: ხარ რაზომ გინდა ლმობილი: ვარ მუცლითგანვე დედისა: თქვენად სამონოდ შობილი: ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს: ვირ მეფე იყო ცნობილი:

1463. გებრძანა შეყრა მწადიან: საყვარელისა შენისა: ეგე არს მსგავსი გულისა: ლმობიერისა თქვენისა: მუნა მე ხმალი არ მიკვეთს: არცა სივრცელე ენისა: მიჯობს მოლოდნა საქმისა: მის განგებისა ზენისა:

1464. ესეა ჩემი საწადი: და ჩემი მოსანდომარე: ჰინდოეთს გნახო მორჭმული: საჯდომთა ზედა მჯდომარე: გვერდსავე გიჯდეს მნათობი: პირი ელვათა მკრთომარე: მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს: არვინ ჩნდეს მუნ მეომარე:

1465. რა გამისრულდენ ესენი: ჩემნი გულისა ნებანი: მაშინღა მივალ არაბეთს: მამხვდეს მის მზისა ხლებანი: ოდისცა სწადდეს დამივსნეს: ამა ცეცხლისა დებანი: სხვა თქვენგან არა არ მინდა: მძულან რასაცა თნებანი:

1466. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს: ესე სიტყვანი ყმისანი: მან ბრძანა მაგას არა ვიქმ: ამას არ უნდა მისანი: ვითა მან ჰპოა მიზეზი: ჩემისა სულთა დგმისანი: ეგრევე მანცა სამისოდ: ნახნეს ძალ გულნი ძმისანი:

1467. მიდი უთხარ ჩემაგიერ: სიტყვა ჩემგან არ სათნები: მე შენისა გამზრდელისა: უნახავად არ დავდგები: ვეჭვ მრავალი დამეხოცოს: მონა მისგან საყვარლები: ვითხოვ ხოლო შენდობასა: ეგეთიღა მოვბრუნდები:

1468. ესე უთხარ ამის მეტსა: მოციქულობ ნურას ნუო: ხვალე წასლვა არ დავშალო: არცა სიტყუა გავათუო: მე არ მიზამს როსტან მეფე: რომე სიტყვა გავიცრუო: ამოდ ვსთხოვო ქალი მისი: შევეხვეწო შევაგუო:

1469. უამბო ფრიდონ ავთანდილს: ტარიას მოციქულობა: არ დადგებისო ცუდია: შენგან ცდისაღა თქმულობა: მას დაუმძიმდა მოედვა: კვლავ გულსა კვამლ ალმულობა: ასრე ხამს რიდი მეფეთა: ყმათაგან მოკრძალულობა:

1470. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით: ტარიას შესახვეწელად: ფერხთა ეხვევა აკოცებს: აღარ შეხედავს ზე წელად: ეტყვის კმა რაცა შევცოდე: როსტანს წლეულად მე წელად: კვლავ ნუ მიქ ერთგულობასა: გამტეხლად დაცამლეწელად:

1471. რასაცა ჰლამი არ მოგცემს: მას ღ~თისა სამართალია: გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო: მე საქმე სამუხთალია: მე მისთვის ხელი ვით გავძრა: ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია: ვით მოიხმაროს მონამან: პატრონსა ზედა ხმალია:

1472. ეგე საქმე მე და ჩემსა: საყუარელსა შეგვამდურვებს: ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს: კუშტი გულსა შიაურვებს: ამბავსაცა დამიძვირებს: ჭურეტისათვის მამასურვებს: შენდობასა ხორციელი: კაცი ვერა დამიურვებს:

1473. ტარიელ უთხრა სიცილით: მან მზემან შუქ ნაფენამან: ჴელი მოჰკიდა ავთანდილს: ამართა ააყენა მან: მიყოო კარგი ყველაი: მომართებამან შენამან: მაგრა ჰსჯობს შენცა გალხინოს: ჩემან შენითა ლხენამან:

1474. დია მძულს მეტი მოყვრისა: შიში კრძალვა და რიდობა: მძულს გაუწყვედლად კუშტობა: და სულ მძიმობა დიდობა: თუ მოყვარეა გულისა: ჰქმნას ჩემკენ მონაზიდობა: თვარე მე ჩემად იგ მისად: დია სჯობს კიდის კიდობა:

1475. მე ვიცი გული საშენოდ: შენისა საყვარელისა: არ ეწყინების სტუმრობა: შენისა მე შემყრელისა: რადმცა რა ვჰკადრე მეფესა: თხრობა რასაცა ჭრელისა: ოდენ ნახვისა მათისა: ნატვრა მაქვს სანატრელისა:

1476. ამას ოდენ მოვახსენებ: მუდარით და შეპოვნებით: რომე მოგცეს ქალი მისი: მან მისითა მოგონებით: რადგან ბოლო შეყრავეა: სიშორესა ვით ეთნებით: დააშვენეთ ერთმანერთი: თავის თავის ნუ დასჭკნებით:

1477. რა ავთანდილ ტარიასგან: ცნა წასვლასა არ დაშლიდა: არღა ჰკადრა შეცილება: საუბარსა ზედან რთვიდა: ფრიდონ კაცსა დარჩეულსა: სათანაოდ გარდასთვლიდა: თანა წაჰყვა გაღანამცა: მას თანავე გზასა ვლიდა:

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა:

1478. ამ საქმესა დაფარულსა: ბრძენ დიონოს გააცხადებს: ღ~თი კარგსა მოავლინებს: არ ბოროტსა არ დაბადებს: ავსა წამ ერთ შეამოკლებს: კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს: თავსა მისსა უკეთესსა: უზადო ჰყოფს არ აზადებს: