... (H-741), XIX ს.

1519. ყმა მეფესა მოახსენებს: მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ: რად არ გინდა ნახვა მზისა: ანუ რადღა აგვიანებ: მიეგებვი მხიარული: სახლსა თქვენსა მოიყვანებ: შემოიმოს შუქთა მისთა: ნათლად გარე მოივანებ:

1520. ტარიელსცა მოახსენა: შესხდეს ქალსა მიეგებნეს: მათ სამთავე გოლიათთა: მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს: მიხვდეს მათსა საწადელსა: იგი პოეს რაცა ძებნეს: ხელი ხადეს ხმალთა მათთა: არა ცუდად წელთა ებნეს:

1521. მეფემან ქალს უსალამა: მან შორით გარდახდომილმან: დაუყვნა თვალნი ელვამან: მისთა ღაწვთაგან კრთომილმან: გამოეგება აკოცა: კუბოსა შიგან ჯდომილმან: დაუწყო ქება მეფემან: თვით ვერას ვერ მიხდომილმან:

1522. ეტყვის მზეო ვითა გაქო: ნათელო და დარიანო: შენთვის ხელნი გონებანი: არა ცუდათ არიანო: მზიანო და მთვარიანო: ეტლად რაო და რიანო: თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით: არ ვარდნო და არ იანო:

1523. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი: მისთა ელვათა ფენასა: ვით მზემან დაყვნა მჭვრეტელთა: თვალნი ნათლისა ჩენასა: მისგან დამწვარნი მისცნიან: გულნი ჭვრეტითა ლხენასა: სითაც გამოჩნდის იქმოდეს: ჯარნი მუნითკენ რბენასა:

1524. შინა წავიდეს ყოველნი: შესხდეს თავისა დარებად: არ მიიხდომის სიტურფე: არს მათგან მიუმხვდარებად: ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი: მის მზისა დასადარებად: ადრე მივიდეს მეფისა: სახლად სამყოფად არებად:

1525. შევიდეს ნახეს თინათინ: მჭვრეტთა მამცემი ჭირისა: სკიპტროსან გვირგვინოსანსა: შვენოდა ცმა პორფირისა: მისრულთა პირსა შეადგა: ელვა მისისა პირისა: შევიდა მეფე ინდოთა: იგი მზე მსგავსი გმირისა:

1526. ტარიელ და ცოლმან მისმან: ქალსა მდაბლად უსალამეს: მოეგებნეს აკოცეს და: საუბარი დააამეს: იგი სახლი გაანათლეს: არ ნათელი შეაღამეს: ბროლ ბალახში გააღაწვეს: და გიშერი აწამწამეს:

1527. თინათინ ზედა აწვივა: ტახტსა მეფეთა ზეთასა: ტარიელ უთხრა შენ დაჯე: ჰსწადიან ბრჭესა ბრჭეთასა: დღეს ტახტი შენი შენ გმართებს: მეტად ყოველთა დღეთასა: მე ლომი ლომთა დაგისვა: გვერდსა შენ მზეთა მზეთასა:

1528. ორთავე ხელი მოჰკიდეს: და დასვეს ტახტსა თავისსა: გვერცა დაუსვეს ავთანდილ: სურვილსა მოეკლა ვისსა: უნახავსა და ნახულსა: ჰსჯობს ყოვლსა სანახავისსა: ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა: ნუცა თუ რამინს და ვისსა:

1529. ქალსა შესწბა გაუკვირდა: ავთანდილის გვერცა ჯდომა: ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა: შე და გამო გულმან კრთომა: მეფე ეტყვის შვილო ჩემგან: გაქვს სირცხვილი ნუ რა ზომა: ბრძენთა უთქვამს სიყვარული: ბოლოდ მისი არ წახდომა:

1530. აწ შვილნო ღ~თნ თქვენ მოგცეს: ათას წელ დღეთა გრძელობა: სვე სვიანობა დიდობა: კვლავ ჭირთა გარდუხდელობა: ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების: თვით მისებრ შეუცვლელობა: თქვენთა ხელითა მეღირსოს: მიწათა შემომყრელობა:

1531. მართ მეფემან სპათა ბრძანა: ავთანდილის თაყვანება: ესეაო მეფე თქვენი: ასრე იქმნა ღ~თისა ნება: დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი: მე სიბერე ვითა სნება: ჩემად სწორად მსახურებდით: დაიჭირეთ ჩემი მცნება:

1532. ლაშქარნი და დიდებულნი: დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს: მოახსენეს მიწად ვექმნეთ: ვინცა მიწად მიგვიყვანნეს: მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს: ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს: მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს: გულნი ჩვენნი აგულოვნნეს:

1533. ტარიელც უთხრა ქებითა: იმედისა გათავება: ქალსა ეტყვის შემიყრიხართ: აღარა გწვავს ცეცხლთა დება: ქმარი შენი ძმაა ჩემი: მწადს აგრევე თქვენი დება: ორგულთა და შემცილეთა: შენთა მე ვჰქნა გაფლიდება:

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან:

1534. მას დღე ავთანდილ ხელმწიფე: ზის და ხელმწიფე ზენია: მასთანა მჯდომსა ტარიელს: შვენიან სინაზენია: ნესტანჯარ უზის თინათინს: ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია: ჰგავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად: შეყრილან ოთხნი მზენია:

1535. დაიწყეს მორთმა პურისა: ლაშქართა მის მესავსისა: ზროხა და ცხვარი დაკლული: არს უმრავლესი ხავსისა: შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა: მათისა შესამგზავსისა: მათ ყოვლთა შუქი ანათობს: პირისა მზისა მსგავსისა:

1536. იაგუნდისა ჯამები: იყვის: ლალისა ჭიქები: კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა: სხდის უცხო უცხო სიქები: მის ქორწილისა მაქები: კაცი ბრძენთაგან იქები: მჭვრეტელო გულსა ეტყოდი: ნუ აეხსნები იქ ები:

1537. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით: ისმოდის ჴმა წინწილისა: შეყრით სდგეს გორი ოქროთა: და ბალახშისა თლილისა: მსმელთათვის წყარო ღვინისა: ასგან სდის მსგავსი მილისა: ბინდით ცისკრამდის სმა იყო: გარდახდა ჟამი დილისა: