... (H-741), XIX ს.

1558. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა: გაიყარნეს იგი ქალნი: ქვე დამდგომმან წამავალსა: ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი: იგი იჭვრეტს უკუღმავე: ედებოდა ამით ალნი: რომე მწადდეს ვერ დავწერენ: მე სიტყვანი ნაათალნი:

1559. როსტან მათითა გაყრითა: ხელთაგან უფრო ხელდების: ათასჯერ იტყვის ვაგლახსა: არ სულთქმა უერთხელდების: ცხელი სდის წყარო ცრემლისა: მართ ვითა ქვაბი ჰსცხელდების: ტარიელ არის დაღრეჯით: ფიფქი ნაზდების თხელდების:

1560. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს: მეფე ხვევნით და კოცებით: იტყვის თუ თქვენი სიახლე: მიჩნს აქამდისცა ოცებით: რადგან მოგშორდი დავრჩები: პატიჟთა გაასოცებით: შენგან მოგვეცა სიცოცხლე: შენგანვე დავიხოცებით:

1561. ტარიელ შეჯდა მეფისა: გამყრელი გამომსალამე: სრულად ლაშქართა სდიოდა: ცრემლი მინდორთა სალამე: მზე შენ გელმისო საომრად: და თავი შენ მას ალამე: უბრძანა თქვენთვის მტირალსა: ყოლა არ მიჩნდეს სალა მე:

1562. გაემართნეს და წავიდეს: დია სპითა და ბარგითა: ტარიელ ფრიდონ ავთანდილ: თავითა მეტად კარგითა: კაცი ორმოცი ათასი: ჰყვა ცხენებითა ვარგითა: მივლენ სამნივე გულითა: ერთმანერთისა მარგითა:

1563. სამთავე ვლეს ღ~თო მათებრ: სხვა ნურა ნუ დაბადოსა: მოეგებნიან მტერობა: ვერავინ დაიქადოსა: მინდორსა შიგან სადილად: გარდახდეს უდილადოსა: ვითა მართებდათ პურობა: ღვინოსა სვემდეს არ დოსა:

1564. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი: შვიდი ტახტი სახელმწიფო: საშვებელი გაუცდელი: მათ პატიჟთა დაავიწყებს: ლხინი ესე აწინდელი: ყოლა ლხინთა ვერ იამებს: კაცი ჭირთა გარდუხდელი:

1565. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი: ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს: ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს: ქოსნი ხმასა დაატკბობდეს: მისცეს კლიტე საჭურჭლეთა: თავთა მათთა მიანდობდეს: ესეაო მეფე ჩვენი: იზახდეს და ამას ჴმობდეს:

1566. ავთანდილ და ფრიდონისთვის: ორნი ტახტნი დაამზადნეს: ზედა დასხდეს ხელმწიფურად: დიდებანი უდიადნეს: ღ~თნ სხვანი ხორციელნი: მათებრნიღა რად დაბადნეს: ამბობდიან ჭირთა მათთა: ყველაკასა გაუცხადნეს:

1567. სმა პურობა გახარება: ქნეს ჯალაბი გაადიდეს: ვითარიცა ქორწილობა: ხამს ეგეთსა გარდიჴდიდეს: მათ ოთხთავე თავის თავის: ძღვენსა სწორად მიართმიდეს: გლახაკთათვის საბოძვარსა: საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს:

1568. სრულნი ინდონი ავთანდილს: და ფრიდონს მწედ ხადიან: თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი: მართ იმას მოიტყოდიან: ვითა პატრონსა სჭვრეტდიან: რაც სწადდის მას იქმოდიან: სადარბაზობლად ნიადაგ: მათ წინა მოვიდოდიან:

1569. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა: ასმათს მისსა შეკდომილსა: რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია: არ გამზრდელსა არცა ზრდილსა: აწ ჰინდოეთს სამეფოსა: მეშვიდესა ერთსა წილსა: ზედან დაგსვამ შენი იყოს: გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა:

1570. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ: სამეფოსა ეპატრონე: მუნიდაღმე გვმსახურებდი: თავი შენი დაგვამონე: ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: შენგან არის ჩემი ღონე: მონობისა უკეთესი: რამც ვიშოვნე რამც ვიქონე:

1571. ერდგან სამთავე ძმობილთა: დაყუნეს ცოტაი დღენია: თამაშობდიან უსახო: მოუდიოდეს ძღვენია: რა მარგალიტი ღარიბი: რა უკეთესი ცხენია: მაგრა ავთანდილს სურვილმან: დაღრეჯა დააჩენია:

1572. ტარიელ ჰსცნა ამა ყმისა: ცოლისათვის მოესურვა: უბრძანებდა გული შენი: გაღანამცა მამემდურვა: აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი: გონებამან შვიდი თუ რვა: მოგშორდები ლხინი ჩემი: საწუთრომან დამიშურვა:

1573. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა: წავიდეო სახლსა ჩემსა: ზედას ზედა დავსტკეპნიდე: დარბაზსა და ამა თემსა: სამსახურსა მიბრძანებდი: უხუცესი ვითა მრწემსა: თქვენისათვის ასრე მამსურდების: წყაროსათვის ვით ირემსა:

1574. როსტანისთვის წაატანა: საძღვნოდ ტურფები ჯუბაჩები: კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა: არ კოვზები არ ჯამები: ჩემაგიერ მიუტანე: წაო ნურას მეუბნები: ავთანდილ ჰსთქვა არა ვიცი: მე უშენოდ ვით დავრჩები:

1575. ქალსა ქალმან გაუგზავნა: ყაბაჩა და ერთი რიდე: რომე ჩაცმა დაბურვასა: ვინ ღირს იყო მათგან კიდე: ერთი თვალი წამღებელსა: არა თქვას თუ ცუდად ვზიდე: ღამე მზეებრ განანათლოს: ჩნდის სადაცა შეხედვიდე:

1576. ავთანდილ შეჯდა წავიდა: ტარიას გაესალამა: იგი ორნივე გაყრისა: დაწვნა ცეცხლისა ალამა: სრულად ჰინდონი მისტირან: ცრემლმან მინდორი დალამა: ავთანდილ იტყვის მამკლაო: სოფლისა მე სამსალამა:

1577. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ: იარნეს დღენი მცირენი: გზამან გაჰყარნა წავიდეს: თავის თავ ანატირენი: კარგად მოუხდეს მათ მათნი: საქმენი დანაპირენი: ავთანდილ მიხდა არაბეთს: ნახნა არ ცუდნი ჭირენი: